ადგილობრივ ბაზარზე ახალი ქართული კარტოფილის ჩიფსი – FRIXX-ი გამოჩნდა, რომელსაც კომპანია “ველინგტონი” აწარმოებს.
საწარმო შედგება ამერიკული, გერმანული, ინგლისური, იაპონური და ავსტრალიური დანადგარებისგან, ისინი მსოფლიოში ჩიფსის წარმოების ყველაზე მაღალი სტანდარტების მქონე დანადგარებად მიიჩნევა. ჩიფსი ევროპელი სპეციალისტების მიერ, დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით იწარმოება,თუმცა ნედლეული ქართულია.
პროდუქტის პირველი სატესტო წარმოება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, ქარხანა კი ზაფხულის დასაწყისში გაიხსნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა გაყიდვებით ისინი კმაყოფილები არიან. კომპანიის მთავარი მიზანი არის ის,რომ მომხარებელმა, პირველ რიგში, გასინჯოს ჩიფსი. ამიტომ Frixx–ი, რამდენიმე კვირაა უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს სტუმრობს.
„თბილისი თაიმსს“ კომპანიის შექმნისა და ქართული ჩიფსის წარმოების დეტალებზე ბრენდის ლიდერი, მარიამ გაბათაშვილი ესაუბრა.
როგორ და ვის მიერ შეიქმნა ქართული ჩიფსი Frixx?
– ჩიფსი FRIXX არის ქართული კარტოფილის ჩიფსი, რომელიც დღეს ბაზარზე უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლოს. იდეა 2 წელზე მეტია, რაც გაჩნდა, მას შემდეგ დავიწყეთ ბრენდის პლატფორმაზე მუშაობა – ჩავატარეთ უამრავი კვლევა, ფოკუს ჯგუფები საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რომ შეგვესწავლა ჩიფსის ბაზარი და გაგვეგო როგორი სახელი, შეფუთვა და რაც მთავარია გემო მოსწონს ჩვენს მომხმარებელს. დღევანდელი პროდუქტი მთლიანად მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული.
როგორია FRIXX-ის სახელისა და ლოგოს ისტორია?
– ჩიფსი FRIXX მხიარულებისა და გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი. სახელიც შესაბამისი აქვს, FRIXX რამდენიმე სიტყვის კომბინაციაა: [Free + Fries + Freaks] = [თავისუფლება + კარტოფილი ფრი + ფრიკები] რაც შეეხება ლოგოს, მასზე მთებია გამოსახული და CAUCASUS CHIPS აწერია. თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა პროდუქტის ექპორტზე გატანა კავკასიის ქვეყნებში, ამიტომ შევქმენით ლოგო, რომელიც ყველა ქვეყნისთვის მისაღები და „თავისიანი“ იქნებოდა (როგორც უკვე ვახსენე კვლევები აზერბაიჯანსა და სომხეთში სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა). სახელზე, ლოგოსა და ბრენდის კონცეფციაზე სარეკლამო სააგენტო WINDFORS-თან ერთად ვიმუშავთ და კიდევ ერთხელ მადლობა WINDFORS-სს ამ შედეგისთვის.
როგორ შეაფასებთ, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ამ მოკლე პერიოდს,რამდენად მომგებიანი იყო იგი?
– მოგებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა გაყიდვებით კმაყოფილები ვართ. აქტიურად ვმუშაობთ პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გასინჯოს FRIXX, რადგან გასინჯვის შემდეგ მათი უმეტესობა FRIXX-ის მომხმარებელი ხდება.
როგორია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა?
– FRIXX-ის კარტოფილის მინდვრები ბოლნისსა და დმანისში მდებარეობს, სადაც მოგვყავს ჩვენი ქართული კარტოფილი, რომელსაც საწარმოო პროცესში ვიყენებთ. ამ ეტაპზე სოციალური პასუხისმგებლის კუთხით ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობაა. ჩვენს კომპანიაში მუშაობენ აგრო მიმართულების სპეციალისტები, რომლებიც მუდმივად დადიან იმ რეგიონებში, სადაც კარტოფილი გვაქვს დათესილი. ისინი რეკომენდაციებს აძლევენ ადგილობრივ ფერმერებს, რაც ხელს უწყობს ნედლეულის მაღალ ხარისხსა და მოსავლიანობის ზრდას.
რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს მომავალში?
– გვაქვს საკმაოდ კონკრეტული და გრძელვადიანი გეგმები. ამ ეტაპზე FRIXX სამი განსხვავებული გემოთია წარმოდგენილი – აჯიკა, ბარბექიუ და კლასიკი. უახლოეს მომავალში FRIXX-სს დიდი შეფუთვები და სრულიად განსხვავებული, ახალი გემო დაემატება. ასევე დავიწყეთ ახალი პროდუქტის – მარილიანი და კარამელის პოპკორნის წარმოება, რომელიც ბაზარზე მომავალ კვირას გამოჩნდება.
ესაუბრა ნათია კეკენაძე