“თუ ჩვენ, ქართველებს, ერაყელებს, სირიელებს, ავღანელებს და ა. შ. თავისუფლების დამკვიდრებაში არ დაგვეხმარნენ, ყოველთვის მოხდება ის, რაც მოხდა,” – ასე ეხმაურება ტელეკომბანია “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ გვერდზე, სოციალურ ქსელში საფრანგეთში გუშინ მომხდარ ტერორისტულ აქტს.
“კიდევ ერთხელ დავწერ იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც გაკვირვებას გამოთქვამენ, რომ არადემოკრატიულ ქვეყნებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვა ნაკლებ აღშფოთებას იწვევს, ვიდრე დემოკრატიულ ქვყენებში მომხდარი.
დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებებმა ბევრი იბრძოლეს, იშრომეს და ბევრი მსხვერპლი გაიღეს იმისთვის, რომ მათი წევრების, ადამიანების სიცოცხლეს მაღალი ფასი ჰქონოდა.
ამ საზოგადოებებმა საკუთარ თავებში იპოვეს ძალა ამისთვის და შეძლეს.
როცა სხვებიც შეძლებენ ამას, ზუსტად იგივე იქნება მათი წევრების სიცოცხლის ფასიც.
დღეს, საქართველოში, ადამიანის სიცოცხლეს უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე 90-იან წლებში ჰქონდა.
ჩემი და უფროსი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ როგორი რუტინა იყო წამლით გაპარული, ან ქუჩაში ჩაცხრილული ადამიანი 90-იან წლებში.
ჩვენ ვიპოვეთ ჩვენ თავში ძალა და ამას წინ აღვუდექით – ამისთვის რევოლუციაც დაგვჭირდა.
მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს 9 წელზე – ფაქტია, რომ დღეს, ადამიანის სიცოცხლეს უფრო მაღალი ფასი აქვს ჩვენთან, ვიდრე 90-იან წლებში ჰქონდა.
მაგრამ ეს ფასი არ არის იმხელა, რაც განვითარებულ დემოკრატიებშია.
იმისთვის რომ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლეს უფრო მაღალი ფასი ედოს, ჩვენ ამისთვის უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ.
ზუსტად ისე, როგორც უნდა იბრძოლონ ლიბანელებმა, ავღანელებმა, ერაყელებმა…
რაც შეეხება თავისუფალ სამყაროს, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ტერორიზმის საწამლავი თავისუფლება და გახსნილობაა. თუ ჩვენ, ქართველებს, ერაყელებს, სირიელებს, ავღანელებს და ა. შ. თავისუფლების დამკვიდრებაში არ დაგვეხმარნენ, ყოველთვის მოხდება ის, რაც მოხდა,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
Discussion about this post