დღეს, 11.00 საათზე საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზედაც იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატებს წარადგენს. სხდომის დასრულების შემდეგ, 13.00სთ-ზე გაიმართება მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევნები. კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს ხმათა 2/3-ით ფარული კენჭისყრით ირჩევს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევის პროცედურა ღია და გამჭვირვალეა და მასზე დასწრება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს. დაკვირვების მსურველთა რეგისტრაცია 17 ნოემბერს დაიწყო და ის 19 ნოემბრის 10.00 საათამდე გაგრძელდება.
დაინტერესებულმა პირებმა (ორგანიზაციებმა) უნდა გამოგზავნონ ელექტრონული წერილი მისამართზე [email protected] და განაცხადონ, რომ სურთ, დააკვირდნენ მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებს; მიუთითონ დამკვირვებლის სახელი და გვარი, აგრეთვე, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენენ.