ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ თბილისი ნამდვილი საცობების ქალაქად გადაიქცა და ქუჩებში გადაადგილება უკვე შეუძლებელია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული საკითხები ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია, ნაწილი ამაში ბრალს თავად დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს სდებს და ამბობს, რომ ავტომობილებმა ფეხითმოსარულეების რაოდენობას გადააჭარბა. თუმცა, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერს დავით ნარმანიას უყურადღებობაში ადანაშაულებს და გზების მოწესრიგებას მოითხოვს.
რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში ყვითელი სამარშრუტო ტაქსის კადრები გავრცელდა, რომელიც გადათხრილ გზაზე ორმოში ჩარჩა. როგორც ვიდეოს ავტორი ამბობდა, რამდენიმე წუთიანი მცდელობის შემდეგ ავტომობილი ,,ტყვეობიდან” ძლივს დაიხსნეს.
ამას ,,ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებმა და არსამთავრობოებმა აქცია-პერფორმანსით უპასუხეს და თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ ორმოებში სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები, მათ შორის, ,,დავით ნარმანიას სახელობის ორმო“, მოათავსეს. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს.
„იმის გამო, რომ ზოგჯერ ტენდერების გამოცხადება ავიწყდებათ, საგზაო სამუშაოებს იმ კომპანიებს აძლევენ, რომლებსაც ამის გამოცდილება არ აქვთ; საგზაო სამუშაოებს იმ კომპანიებს ავალებენ, რომლებთანაც ჩინოვნიკების პირადი დაინტერესება იკვეთება და ა.შ. ამ ყველაფრის გამო, თბილისელებს ამ საშინელ გზებზე გადაადგილება უწევთ,“ – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ.
თბილისის მერიამ, 2015 წლის ივლისში დედაქალის მასშტაბით 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ჩატარებული ტენდერების მიხედვით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გზების კაპიტალურ შეკეთებას კომპანია “ბლექ სი გრუპი” აწარმოებდა. აღნიშნული კომპანიის სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქუჩებს – ამ ტერიტორიაზე კაპიტალურ შეკეთებას კომპანია “არენამშენი” აწარმოებდა, რომლის სამუშაოების ღირებულება 5 500 000 ლარი იყო. როგორც შემდეგ გაირკვა, ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა „არენამშენია“.
ამავე წლის სექტემბერში, თბილისის მერმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც იგი ირწმუნებოდა, რომ დედაქალაქის უწყება გზების რეაბილიტაციის კუთხით აქტიურად მუშაობას. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გადატვირთული გზები და საცობები ქალაქში გადაადგილებას განსაკუთრებით ართულებდა, შექმნილი ვითარების ერთ-ერთი მთავრი გამომწვევი მიზეზი კი – კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილება იყო, რაც ბოლო დროს, განსაკუთრებით გახშირდა. შესაბამისად, დედაქალაქის მერიამ მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები ცალმხრივად შეწყვიტა. აღნიშნულ კომპანიებზე კი – კანონით გათვალისწინებული სანქციების მიღება გადაწყდა.
,,მინდა, რომ მოსახლეობას შექმნილი შეფერხებებისთვის ბოდიში მოვუხადო. თითოეულ მოქალაქეს მივმართავ, რომ მაქსიმალურად დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოეკიდოს დედაქალაქის სისუფთავის საკითხს და ხელი შეგვიწყოს აღნიშნული გეგმის განხორციელებაში. ერთობლივი ძალებით ჩვენ მაქსიმუმის გაკეთებას შევძლებთ“ – აღნიშნა თბილისის მერმა – დავით ნარმანიამ.
მოსახლეობის ნაწილი ამ განცხადებას კრიტიკულად შეხვდა, ,,ნარმანია აუცილებლად მიიღებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში. გზას სპეციალურად არ აგებს, რომ ტერორისტებს უკვე ნატერორისტალი ეგონოთ”, ,,ჩქიმ ჯიმა, ბოდიში წამალი არ არის“, ,,პროგრესის ნაცვლად რეგრესს განვიცდით და ნელ-ნელა პრეისტორიული ხანის მნიშვნელობას პრაქტიკული კუთხითაც გავიგებთ“, ,,სადაც გატკიცინებული გზა იყო, იქ ასფალტი აყარეს და თავიდან დააგეს. ვაკეში და სხვა უბნებში, მაგალითად – პეკინზე, სადაც წლებია გზა საშინელ მდგომარეობაშია, არავინ არაფერს არ აკეთებს – არ ვიცი, მსგავსი არაადეკვატურობა რას მივაწერო”“ – ეს და კიდევ მრავალი უარყოფითი შეფასება მოჰყვა თბილისის მერის განცხადებას.
დედაქალაქის უწყებაში მოსახლეობას არსებული ვითარების უახლოეს მომავალში გამოსწორებასა და ახალ, მოწესრიგებულ გზებს ჰპირდებიან. მანამდე კი, თბილისი საცობებისა და ორმოების ქალაქის სტატუსს ინარჩუნებს.
ნატალია ჯალაღონია