ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, მინისტრებმა, პრეზიდენტმა ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას და არა – შოუების მოწყობას , რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ენეგრეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოების პრობლემა არ არის.
“მე არ ვაპირებ რაღაც შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველამ, ეს იქნება მინისტრი, პრეზიდენტი, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ვფიქრობ, ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის გაძლიერებას, განვითარებას და არა შოუების მოწყობას, რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება, 4 დეკემბრისთვის დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომას, კალაძე მიიჩნევს, რომ კრიზისების საბჭოზე დეტალურად იყო განხილული ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება ქვეყანასთან მიმართებაში არსებობდეს.
“მე ვფიქრობ, კრიზისების საბჭოზე ალბათ ყველაფერი იყო დეტალურად განხილული, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაღაც შოუს ემსგავსება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს ქვეყანას და ხალხს მივხედოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მთავრობას ოთხი მიმართვა გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია. ერთ-ერთი მიმართვა ენერგოუსაფრთხოებას უკავშირდებოდა.