მალიში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა ნათელი გახადა, რომ სისასტიკესთან გამკლავება შეუძლებელია ცივილიზებული მსოფლიოს ერთობლივი და უკომპრომისო ბრძოლის გარეშე , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მთავრობის მეთაური ბამაკოში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო მზადაა მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად იბრძოლოს კაცობრიობის წინაშე ამ უდიდესი დანაშაულის დასამარცხებლად.
“მაშინ როდესაც სულ ცოტა დროა გასული პარიზის ტრაგედიიდან, გუშინ მსოფლიო კიდევ ერთი საზარელი ტრაგედიის მომსწრე გახდა. მალიში, ბამაკოში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა ნათელი გახადა, რომ სისასტიკესთან გამკლავება შეუძლებელია ცივილიზებული მსოფლიოს ერთობლივი და უკომპრომისო ბრძოლის გარეშე. საქართველო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად იბრძოლოს კაცობრიობის წინაშე ამ უდიდესი დანაშაულის დასამარცხებლად. ვუსამძიმრებ მალის მთავრობასა და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს ჩვენი მთავრობის და ხალხის სახელით”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.