
აუცილებლად მოძებნეთ თქვენში ძალა, რომ არ დაეცეთ სულიერად. იქნებ მართლაც… ”ზოგი ჭირი მარგებელია” და ეს ყველაფერი კატასტროფის ნაცვლად, პირიქით – ახალი, საინტერესო ცხოვრების დასაწყისია?! ეცადეთ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს არ უღალატოთ – გაიღვიძეთ იმავე დროს. ყოველდღე რაღაც მოიმოქმედეთ იმისათვის, რომ ახალი სამსახური იშოვოთ.
რაც უფრო დიდ დროს გაატარებთ უმუშევრად, მით გაგიჭირდებათ სამსახურის შოვნა და აქტიური ცხოვრების დაწყება. გახსოვდეთ, კრიზისი და უსამსახურობა ბევრს სტიმულს აძლევს თავისი საქმის წამოწყების ან სხვა პროფესიის ათვისებისთვის. ნუ იტყვით უარს თუ იმაზე ნაკლებ თანამდებობას შემოგთავაზებენ, ვიდრე მანამდე გეკავათ.
უმუშევრობის პერიოდსაც ნუ გაატარებთ უქმად – დაალაგეთ სახლი საფუძვლიანად, გადაათვალიერეთ საკუჭნაო და მოიშორეთ უსარგებლო და ძველი ნივთები, გადააადგილეთ ავეჯი. ამასთანავე ეცადეთ სულ ფორმაში იყოთ, ივარჯიშეთ. არ არის აუცილებელი სპორტდარბაზში და ფიტნესკლუბში ხარჯოთ ფული, საკმარისია, ჩაწეროთ ცდ სასურველი ვარჯიშებით და ჩართოთ სასიამოვნო მუსიკა. როგორც იქნა, შვილებისთვისაც გაქვთ ბევრი დრო. ასე რომ, ისეირნეთ მათთან ერთად ჰაერზე, ესაუბრეთ მათ სხვადასხვა თემაზე: სკოლაზე, მეგობრებზე, ახალ ჰობიზე და ა.შ. მაგრამ მაინც, თუ სამსახურის ძებნა ძალიან გაჭიანურდა, მიმართეთ დასაქმების სხვადასხვა ცენტრს, ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ან დაეუფლეთ სხვა, ახალ პროფესიას.
წესად გაიხადეთ! სამსახურის ძებნას დღეში, სულ ცოტა სამი საათი უნდა დაუთმოთ. ეს დრო საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დარეკოთ სხვადასხვა ვაკანსიაზე, დააგზავნოთ CV ან მიხვიდეთ გასაუბრებაზე. რა უნდა გავაკეთოთ, თუ უსამსახუროდ დავრჩით? რჩევები მათ, ვინც სამსახურს ეძებს. დასაქმების შესახებ აურაცხელი განცხადების მიუხედავად, სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ და იცოდეთ, რომ ისეთი ბუნდოვანი განცხადება, სადაც თქვენ გთავაზობენ მაღლანაზღაურებად სამსახურს და არ გთხოვენ კონკრეტულ პროფესიას, ფარსია. თუ თქვენ მიხვედით გასაუბრებაზე და მოგთხოვეს საფასური (თუნდაც მცირეოდენი) საბუთების გაფორმებაში ან შესასვლელ საშვები, იცოდეთ, რომ ეს აფერაა ან ძალიან არასეროზულ კომპანიასთან გვაქვს საქმე, რომლისგანაც ნორმალურ ანაზღაურებას არ უნდა ელოდეთ… მოერიდეთ სამსახურს, სადაც არ გაგიფორმებენ სამუშაო კონტრაქტს.
არის შემთხვევები, როდესაც სულ სხვა რამეს გთავაზობენ და სინამდვილეში რუტინულ სამუშაოს გასრულებინებენ. და ამასთან, სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, ხელფასიც აღარ გადაგიხადონ. მოერიდეთ ძალიან საპასუხისმგებლო და რთული დავალების შესრულებას. დამსაქმებელს არ აქვს უფლება იმისათვის, რომ თქვენს შესაძლებლობებში დარწმუნდეს, ბიზნეს-გეგმის ან საბუღალტრო სამუშაოს შესრულება დაგავალოთ. ხანდახან ისეც ხდება, რომ ვაკანსიით მოსული ადამიანის შესაძლებლობებს ბოროტად იყენებენ და ყოველგვარი ანაზღაურებისა და შემდგომი დასაქმების გარეშე ასრულებინებენ რაიმე სამუშაოს.
დაბოლოს.. თუ თქვენ იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი სამუშაო, გადაწყვეტილების მიღებამდე, ცუდი არ იქნება, მონახოთ ნაცნობები (თბილისი ხომ არც ისე დიდია), რომლებიც იმ ფირმაში მუშაობენ და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ ორგანიზაციის შესახებ.
წყარო: marao.ge