ახალი არ არის, რომ ქართველებს წმინა გიორგი განსაკუთრებულად უყვარს. “ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა.“- აღნიშნავდა ზვიად გამსახურდია. თავისი ღვაწლის, უფლისადმი თავგანწირვის გამო ჩვენი წინაპარი უდუდეს პატივს მიაგებდა და ამას სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. შემთხვევითი არც ის ფაქტია, რომ ნოემბრის თვის ხალხური სახელწოდება „გიორგობისთვეა.“
საქართველოში წმინდა გიორგის კულტი VII საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა, რადგან ამ პერიოდიდან გაჩნდა მისი უძველესი გამოსახულებები ქართულ ძეგლებზე (მარტვილის ტაძრის ფრიზი).
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ წარმართულ პერიოდში, ქართველი ერის სარწმუნოებრივ წარმოდგენაში უფროსობითა და ძლიერებით პირველი ადგილი წმიდა გიორგის ეკავა. თითქმის ყველა უმთავრესი დღეობები საქართველოში წმიდა გიორგის სახელს უკავშირდება. მაგალითად, გერისთობა, გიორგისჯვარობა, უსანეტობა, არბოობა, თეთრი გიორგობა და სხვანი.
არსებობს ეკლესიური გადმოცემა, რომ ჩვენ ქვეყანაში მის სახელზე აგებული იმდენი ეკლესია და სალოცავია, რამდენი დღეცაა წელიწადში.
წმინდა გიორგი, წინ მიუძღოდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ ქართველთა ლაშქარს დიდგორის ომის, ბახტრიონის აჯანყების დროს, და არა მხოლოდ. მის მფარველობას, შემწეობას ყოველთვის გრძნობდნენ ქვეყნისთვის თავდადებული მეომრები.
მას აღიარებს არამარტო მართმადიდებლური ეკლესია, არამედ ყველა ქრისტიანული მიმართულება: კათოლიკური, პროტესტანტული, სომხურ-გრიგოლიანული, მონოფიზიტური. უფრო მეტიც: წმინდა გიორგის სიკვდილი და აღგომა, როგორც მეცნიერები ამბობენ, მაჰმადიანთა წმინდა წიგნში ‘’ყურანის კომენტარებშიც’’ იხსენიება.
არაერთი მოვლენა ასოცირდება გიორგობის დღესასწაულთან. დღეს კი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეემატება მათ რიცხვს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ნათლულების 41-ე ნათლობა გაიმართება. უწმინდესი 797 ბავშვის ნათლია გახდება.
ყველგან დიდი რწმენითა და სიხარულით აღნიშნავენ ამ დღეს, თუმცა ჰერეთში გიორგობის დრესასწაულები განსაკუთრებით უყვართ, რადგან მხოლოდ ამ დღეებში იხსნება სალოცავად ქურმუხის ტაძრი, რომელიც როგორც ქართველთა, ასევე მუსლიმთათვის წმინდა ადგილად ითვლებოდა.
საინგილოს „ქურმუხის წმიდა გიორგი“ საქართველოს უდიდეს სალოცავთა რიცხვს განეკუთვნება. ის ძველ ნატაძრალზე 1890-იან წლებში კათოლიკოს პატრიარქის ლეონიდეს თაოსნობით აშენებულა. ნაგებობამ მე-20 საუკუნეშიც არაერთ ქარიშხალს გაუძლო, უკანასკნელად კი მისი გუმბათის რესტავრაცია და მასზე ჯვრის აღმართვა ადგილობრივი ქრისტიანების ძალისხმევითა და ილია მეორეს შეწევნით მოხდა.
საგულისხმოა, რომ ტაძრის სრულფასოვნად ამოქმედებაზე შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესთან, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ქრისტიან სასულიერო პირებს უფლება მიეცათ, წელიწადში ორჯერ, გიორგობას, ამ ეკლესიაში მღვდელთმსახურება აღავლინონ. დღესასწაულზე უამრავი მომლოცველი ჩადის, როგორც ქრისტიანი, ისე – მუსლიმანი. მათ ტაძრამდე მისასვლელად, დაახლოებით 1კმ-იან ბილიკს ფეხით გავლა უწევთ და სალოცავს სურვილების ასრულებას სთხოვენ. მომლოცველები ტაძარს მამალს სწირავენ, რაც ლეგენდასთანაა დაკავშირებული.
ხალხური გადმოცემისა თუ ლეგენდის მიხედვით, უზარმაზარი ლოდი, რომელზედაც ეკლესიაა აღმართული, გამოჭრილია და შიგ ხატები ინახება. გამოჭრილს კარი ჰქონია, რომელიც წმიდა გიორგის ისე დაუხურავს, რომ აღარ ჩანსო. წელიწადში ერთხელ, აღდგომის ღამეს, ხალხის თქმით ღვთისმშობელი აღებდა კარს, გამოდიოდა გარეთ და თმებს ოქროს სავარცხლით ივარცხნიდა. შუაღამეს შიგნიდან ოქროს მამალიც გამოფრინდებოდა და სამჯერ დაიყივლებდა ხოლმე: მხოლოდ ამის შემდეგ ყიოდნენ დანარჩენი სოფლის მამლები. ერთ აღდგომის ღამეს, როდესაც ღვთისმშობელი გარეთ გამოსულა, თათარი მიჰპარვია. ღვთისმშობელი კარში შესულა. იმ კაცს მის დასაჭერად ხელი გაუწვდენია და მკლავი გაშეშებია, კარი კი ისე მაგრად მიხურულა, რომ აღარც კი ჩანდა. შეშინებული თათარი შეჰვედრებია ეკლესიას, შველა უთხოვია, მკლავი მორჩენია და თავადაც გაქრისტიანებულა.
ინფორმაციისთვის: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით საქართველოში ამჟამად 187 971 გიორგი, 13 028 გია, 4500 გოგა, 3580 გოგიტა და 2455 გიგი ცხოვრობს.
სოფიკო ნინიკაშვილი