მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის განცხადებით, „დღეს თანამედროვე პროკურატურის მშენებლობა იწყება, რომელსაც ქართული დემოკრატიული საზოგადოება იმსახურებს“. როგორც მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს განუცხადა, მისი არჩევის შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურატურა გახდება გაცილებით გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. „თუ მივიღებ თქვენ მხარდაჭერას, იქნება დიდი პატივი და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა და შანსი იმისა, რომ შევძლო ჩემი ხედვების, შეხედულებების ცხოვრებაში ინტეგრირება, პროკურატურის განვითარების მიზნით და დამოუკიდებლობის გამყარების მიზნით, რაც მე გამაჩნია. ვფიქრობ, თუ მე ამირჩევთ საქართველოს მთავარ პროკურორად, 6 წლის შემდეგ, რაც განსაზღვრულია ახალი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა გახდება გაცილებით გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მჯერა, რომ დღეს ჩვენ, ყველა ერთად, ვიწყებთ თანამედროვე პროკურატურის მშენებლობას, რომელსაც ქართული დემოკრატიული საზოგადოება იმსახურებს“, – განაცხადა შოთაძემ.