საქართველოში თექის დამუშავების ტექნოლოგიებს ჩვენი წინაპრები, ჯერ კიდევ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცნობდნენ. თექას ამზადებდნენ ძირითადად მთიან რეგიონებში, მათ შორის თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. ისტორიულად საქართველოში უშუალოდ შეღებილი ნაწარმი V-VIსაუკუნეებში ჩნდება.
თექის საუკეთესო ნიმუშად ნაბადი ითვლება, მისგან ასევე ამზადებდნენ ტრადიციულად ქუდებსა და ფაჩუჩებს, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან და ფანტაზიის დახვეწასთან ერთად, დღესდღეობით, ვხვდებით თექის განსაკუთრებულ და ორიგინალურ ნიმუშებს.
ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს თექის ტანსაცმელი, სურათები, შარფები თუ სხვადასხვა აქსესუარი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მისი შეძენის მსურველები ქართველებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც არიან.
შეიქმნა სკოლებში წრეები, სადაც დაინტერესებული მოსწავლეები მისი დამუშავების ტექნიკას სწავლობდნენ, წლების განმავლობაში ტარდებოდა დისკუსიები და გაიცემოდა რეკომენდაციები თექის წარმოების ტექნოლოგიების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
„თბილისი თაიმსი“ საქართველოში არსებული ერთ-ერთი თექის სახელოსნოთი დაინტერესდა. Teka (felt) -თექის ნამუშევრების ნახვა მომხარებლებს სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლიათ. სახელოსნოს შექმნის იდეა დედა-შვილს ეკუთვნის. ქალბატონი ნელი ფირცხელიანი ხალხური რეწვის ოსტატია, მისი შვილი ეკატერინე ჯოლოგუა კი პროფესიით ჟურნალისტი, სახელოსნოს გაყიდვების მენეჯერი.
Teka (felt)–თექის შექმნის ისტორიას, სხვადასხვა პროდუქციის წარმოების დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე „თბილისი თაიმსს“ ეკატერინე ჯოლოგუა ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენი და თქვენი სახელოსნოს შესახებ, როგორ შეისწავლეთ თექაზე მუშაობა და როგორია სახელოსნოს შექმნის ისტორია?
– ოთხი წლის წინ, ზაფხული გავატარე სვანეთის ერთ ლამაზ სოფელში. მინდა გითხრათ, სვანეთში სამთავრობო თუ არასამთვრობო, მრავალი მუშა პროექტი ხორციელდება, რომლის მეშვეობითაც ბავშები სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებიან. ნამდვილად საინტერესო სანახავი იყო, მთების ფონზე, ძველ ქართულ ნაქარგობაზე მომუშავე გოგო-ბიჭები. მათი ნაწილი თექაზე მუშაობდა. სვანეთში, გარდა იმისა, რომ თექაზე მუშაობენ, მატყლსაც, რომლითაც იქმნება თექა, თავად წეწავენ. ბავშები ფლობენ ისეთ ცოდნას, როგორიცაა მატყლის აწეწვა, დამუშავება, შეღებვა. არ დაეზარათ, ამიხსნეს ძირითადი პრინციპები. დანარჩენი კი, უკვე ბარად დაბრუნებულმა (ერთი სული მქონდა, როდის მივუჯდებოდი ინტერნეტს, რომ გაცილებით მეტი ინფორმაცია მომეძებნა ამ ხელსაქმეების შესახებ), დამოუკიდებლად შევისწავლე.
მინდა გითხრათ, რომ დედა ხელსაქმით დაინტერესებული ადამიანია. მთელი ცხოვრება ქსოვს. არ ჩამომრჩა ახალი ჰობის ათვისებაში და საბოლოო ჯამში, არაჩვეულებრივი ტანდემი ჩამოვაყალიბეთ. მივყევით მცირე საოჯახო პროდუქციის წარმოებას ხელი. ფუნქციებიც გადავინაწილეთ.
დედა ძირითად სამუშაოს ასრულებს, როგორიცაა თექაზე მუშაობა, კომპოზიციური გადაწყვეტა, ნივთისთვის საბოლოო სახის მიცემა, მე კი მარკეტინგულ მხარეს ვხელვმძღვანელობ,პიარი ჩემი სფეროა.
თქვენს სახელოსნოში მომხარებლებს, რა სახის პროდუქციის დამზადებას სთავაზობთ და როგორია ფასები?
– ვცდილობთ, მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქტი შევთვაზოთ. ძირითადად ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობთ. სოციალური ქსელი facebook მშვენიერი, თან უფასო საშუალებაა პროდუქტის რეალიზაციისათვის.
ვმუშაობთ ყოველდღე, როგორც ონლაინ, პრივატულ, ასევე კორპორაციულ შეკვეთებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ შემკვეთს მიეცეს ერთი ნივთის სხვადასხვაგვარად ტარების შესაძლებლობა. კონკრეტიკისთვის, თუნდაც თექის ყვავილები, როცა ყვავილებს ვამზადებთ, ვმუშაობთ კარკასული ტექნიკით, რაც გულისხმობს გვირგვინის ფოთლებში, შიგნიდან მავთულების ჩამაგრებას. როცა ყვავილი დამზადდება, შესაძლებელია მისი ნებისმიერ ფორმაში გადახრა. მყიდველს შეუძლია ატაროს ერთიდაიგივე ყვავილი როგორც გაფურჩქნული, ასევე კოკორის სახით.
იგივე შემიძლია ვთქვა შარფებზე, ხელთათმანებზე, ქუდებზე. ეს დედას იდეაა. ნამუშევარის მეორე მხარეს ვამზადებთ რადიკალურად განსხვავებულს და რადგან ჩვენს სახელოსნოში უგანაკერო ნივთები მზადდება, მათი ტარება შესაძლებელია სხვადასხვანაირად, ეს ერთგვარი დამატებითი სერვისია.
უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი უმთავრესი პროდუქტი, თექის ფეხსაცმელი, წარმოადგენს ინდივიდუალურად შეკერილ, საგარეო ფეხსაცმელს, რომელიც, სწორად მოვლის შემთხვევაში, მრავალი წელი უპრობლემოდ მოგემსახურებათ.
ის ექსლკუზიურია, რადგან, როგორც არ უნდა ვეცადოთ, არასოდეს მოხერხდება ზუსტი ასლის დამზადება. რაც მთვარია, თითოეული ნივთი მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიით, გათვალისწინებულია შემკვეთისათვის მნიშვნელოვანი მცირე ნიუანსიც კი.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჩვენთან თექის ნივთების შეუზღუდავი მრავალფეროვნებაა: სამოსი, აქსესუარები, დეკორაციული ნივთები ოთახის ინტერიერისათვის, ჭაღები, ხეებიც კი. ვცდილობთ, მიმართულებებში გავფართოვდეთ. სახელოსნოში მზადდება როგორც თექის ნივთები, ასევე ძველი ქართული ნაქარგობა, ლენტებით ქარგვა, სამკაულები თიხისგან, მონიატურები, დეკუპაჟი (ნივების ხელოვნური დაძველება ან განახლება), ბატიკა.
ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ხელსაქმით დაკავებულ ნიჭიერ ადამიანებთად. ამ ეტაპზე ახალი მიმართულება გვაქვს – ბისერებით ქარგვა. მზადდება სამკაულები ბისერებისგან და ძვირფასი ქვებისგან.
გაქვთ თუ არა სახელოსნოები სხვა ქალაქებშიც და როგორ ემსახურებით რეგიონებში მყოფ მომხარებლებს?
– სახელოსნო გვაქვს სახლში. როგორც აღვნიშნე, ონლაინშეკვეთებზე ვმუშაობთ. სოციალურ ქსელ facebook-ზე გვაქვს გვერდი ,,Teka(felt)-თექა“, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ნივთების ფოტოკატალოგი. დაინტერესებული ადამიანი გვწერს პირად შეტყობინებებში საკონტაქტო ნომერს. ჩვენ ვუკავშირდებით მათ და ვინიშნავთ ყველა აუცილებელ ნიუანსს, შეკვეთის დასამზადებლად.
დამზადებული ნივთი შემკვეთს ფოსტის საშუალებით ნებისმიერ ქალაქში ეგზავნება.სახელოსნო ამ მექანიზმზე მუშაობს.
რამდენადაც ცნობილია საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თქვენმა სახელოსნომ მიიღო გრანტი, მოგვიყევით რა მოვლენები უძღოდა წინ ამ პროცესს და რას გეგმავთ მომავალში?
– რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი იყო სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“-ს შესახებ, თუმცა იდეა, რომ გვეცადა, დედას ეკუთვნის. ის საოცარი ენთუზიასტია, არასოდეს უშინდება სიახლეებს, ცდა მისი სტიქიაა. ერთ დღესაც, მეუბნება, ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტი დავარეგისტრირე, მეორე ეტაპზე გადავედითო.
სახელოსნოს ერთ-ერთი ძირითდი მიმართულებაა სასულიერო თემატიკის ნაქარგობა, საქმე უზომოდ შრომატევადი და ხანგრძლივია. აქედან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახერხებდით ნაქარგი ნამუშევრების დამზადებას. საქარგავი მანქანა იყო იდეალური გამოსავალი. თან, მასთან მუშაობის ტექნიკას უკვე ვფლობდით და გვქონდა საქარგავი სქემების აწყობისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფა. ღვთის წყალობით, ყველა ეტაპი წარმატებით გავიარეთ და სახელმწიფო პროგრამამ დაგვაფინანსა. არასოდეს დამავიწყდება დედას სახე, როცა პროექტის კოორდინატორმა დაურეკა და სასიხარულო სიახლე შეატყობინა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთვრობას ამ პროგრამის შექმნა-განხორციელებისათვის. ნამდვილად დიდი სტიმულია, საკუთრი გამოცდილებით ვიცი.
საქარგავი მანქანა უკვე სახელოსნშია და დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ართმევს.
ამ პროექტის ფარგლებში, სახელოსნოში თექის ფეხსაცმლების ახალი ხაზი შეიქმნება. ორი ხელსაქმის გაერთიანებით (ქარგვა, თექა) მომხმარებელს ექსკლუზიურ ფეხსაცმლებს შევთავაზებთ.
უცხოელები თუ ინტერესდებიან თქვენი ნამუშევრებით?
– წლევანდელ ზაფხულს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ტურისტების საკმაოდ დიდ ნაკადს მასპინძლობდა. ბევრმა სახელოსნოშიც მოგვაკითხა. საოცარი ინტერესით ღებულობდნენ მონაწილეობას იმ ნივთების შექმნის პროცესში (ეს სერვისი სპეციალურად ტურისებისთვის შევქმენით), რომელსაც მოგვიანებით ყიდულობდნენ. დადებითი შთაბეჭდილებებით ტოვებდნენ სახელოსნოს, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი სახელოსნოს გვერდს სოციალურ ქსელში, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ხშირად სტუმრობენ. მათ მიერ დატოვებული თბილი გზავნილები მრავალი ახალი ნივთის შექმნის მოტივატორი ყოფილა.
მთავარი იდეა, რასაც სახელოსნო ემსახურება, შემდეგში მდგომარეობს – ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე პროდუქციის შექმნა, რადგან მოგეხსენებათ, ” აწმყო, შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა”.
ნათია კეკენაძე