საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში, უახლოეს დღეებში მიიღებს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
როგორც კვერენჩხილაძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის საქმეზე დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს დღეს წარუდგინა.
“დღეს შემოვიდა დასკვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყოველთვიურად არაერთი ასეთი დასკვნა შემოდის. საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადებში, უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
რაც შეეხება ვადებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, მოქალაქეობის საკითხის განხილვისთვის წარმოების ვადა არის სამთვიანი, თუმცა მასში შედის ასევე იუსტიციის სამინისტროში დაწყებული წარმოება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, უახლოეს დღეებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
როგორც მან განმარტა, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქე იმავდროულად იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არის მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის უპირობო საფუძველი.
“მერე ვინ რას იზამს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, ზოგადად ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს პრეზიდენტს ორმაგ მოქალაქეობაზე”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.