საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორს ქობულეთის პოლიციის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართავს.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2015 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შს სამინისტროს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მთავარ პროკურორს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბრალდებულები რ.ტ., ბ.მ., გ.გ. და გ.კ. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ შედგენილ ახსნა–განმარტებებში მიუთითებდნენ, რომ შსს-ს ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები უმოწყალოდ ცემდნენ და გაუპატიურებისა თუ ახლობლისთვის ნარკოტიკების ჩადების მუქარით დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ.
“დროებითი მოთავსების იზოლატორში წარმოებული გარეგნული დათვალიერების ოქმების მიხედვით, ოთხივე დაკავებულს იზოლატორში მიღების დროს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, სამი მათგანი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც რამდენჯერმე გახდა საჭირო. დაკავებულთან მოპყრობის წესები, შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან ერთად არაერთი საერთაშორისო კონვენციით რეგულირდება. აღნიშნული ნორმები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილია და, შესაბამისად, წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ადამიანი ნებისმიერ გარემოსა და პირობებში, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის დროს, დაცული იქნება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი უზრუნველყოფს წინადადებაში მოყვანილი ფაქტების სათანადო გამოძიებას და დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.