დღეს, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს შეადგენს, ხანგრძლივობა კი 30 თვეა. ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირი განახორციელებს.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისი განუყოფელი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების, ასოცირების დღის წესრიგისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.
პროექტის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია:
- საქართველო-ევროკავშირს შორის ზემოთაღნიშნული შეთანხმებების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება; დონორთა კოორდინაცია;
- ინსტიტუციური რეფორმის მხარდაჭერა და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
- საქართველოს მთავრობის სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ.
პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
პროექტის განხორციელების პერიოდში ადგილობრივი და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მოწვეული წამყვანი ექსპერტები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელ დარგობრივ უწყებებთან ინსტიტუციურ დონეზე.