მერილინის შესახებ ყველაფერია ცნობილი, – სამოსის ზომით დაწყებული, საყვარელი სუნამოთი დამთავრებული. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რა ეხმარებოდა სექსსიმბოლოს მოხდენილობის შენარჩუნებაში.
მერილინი განსაკუთრებულ დიეტას იცავდა.
მიუხედავად დიდი მკერდისა და განიერი თეძოებისა, მერილინს საკმაოდ წვრილი წელი ჰქონდა. “არასდროს მაღელვებდა ჩემი სხეულის ფორმები. მსურდა, მუდამ დანაყრებული ვყოფილიყავი” – წერია მის ავტობიოგრაფიაში. თუმცა, კვების თავისებურება მასაც ახასიათებდა.
ვარსკვლავის საუზმე
1952 წელს ჟურნალ Pageant -ში გამოქვეყნებულ სტატიაში მერილინი საუზმეს აღწერდა: “ფორმის შესანარჩუნებლად, დილაობით საფირმო საუზმე მაქვს. შხაპის შემდეგ ერთ ჭიქა რძეში ათქვეფილ ორ ცალ კვერცხს მივირთმევ, შემდეგ მულტივიტამინს ვაყოლებ. ვფიქრობ, ექიმმა სასარგებლო საუზმე გამომიწერა მომუშავე გოგონას, რომელიც მუდამ სადღაც ეჩქარება”.
ხორცი და სტაფილო
“ვახშამი მარტივზე მარტივი მაქვს – ვკითხულობთ იმავე ჟურნალში – საღამოს ბაზარში მივდივარ და ხორცს ან ღვიძლს ვყიდულობ, რომელსაც გაზქურაში ვაცხობ. გარნირად 4-5 უმი სტაფილო მაქვს. გულის სიღრმეში ნამდვილი ბაჭია ვარ, სტაფილო არასდროს მომბეზრდება”. ნუ გგონიათ, რომ მსახიობმა სადილების კეთება არ იცოდა. იგი ზოგჯერ რეცეპტებსაც თავად იგონებდა. რამდენიმე წლის წინ ფურცელზე დაწერილი მენიუ, მსახიობის თაყვანისმცემელმა, რამდენიმე ათას დოლარად შეიძინა.
მერილინის სისუსტეები
სტაფილოს გარდა მერილინს ტკბილეულიც უყვარდა. საკონდიტროში კარამელიან ნაყინს მიირთმევდა. კალორიულ ტკბილეულს მონრო, გვიან საღამოს, სამსახიობო კურსების დასრულების შემდეგ ჭამდა.
იმავე ჟურნალში მერილინი აღიარებს, რომ ყოველ დილით ვარჯიშობდა. “ჰანტელებით 10 წუთი ვვარჯიშობ და როგორც კი ვიღლები, ჰანტელებს გვერდზე ვდებ”. სხვათა შორის, ჰანტელებით ვარჯიში ხელებისა და მკერდის კუნთებს ამკვრივებს; ასე რომ, ჰოლივუდის სექსსიმბოლოს დიეტაც და ვარჯიშიც შეიძლება ბევრისთვის მისაბაძი გახდეს.