ბულგარეთი მზად არის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაეხმაროს
ბულგარეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და მზადაა ინტეგრაციის პროცესში მეთოდური და ლოგისტიკური დახმარება გაუწიოს ქვეყანას – აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა ქ. სოფიაში თავის ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალზე, რასაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულება შეუძლია. ამ კონტექსტი აღინიშნა ფოთი-ბურგასისა და ფოთი-ვარნას სატრანსპორტო დერეფანის მზარდი მნიშვნელობა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე ქვეყანებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მის კოლეგას ბულგარეთის მიერ ნატოს “ღია კარის” პოლიტიკისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ინიციატივებში მონაწილეობისათვის.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ეკონომიკური მიმართულების გაძლიერების კონტექსტში ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით ბულგარეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
დასასრულს, მინისტრებმა ისაუბრეს ინტენსიური ორმხრივი დიალოგის გაგრძელებაზე, მინისტრი მიტოვის საქართველოში ვიზიტისა და 2016 წელს თბილისში დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაზე.საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.