„როდესაც ფურცელსა და კალმს იღებ ხელში და წერას იწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ იმაზე ღირებული რამ შექმნა, ვიდრე ეს ნივთებია თავად“, – ეს სიტყვები ქართულის მასწავლებელმა გაკვეთილზე თქვა და ჩემი თემის კითხვას შეუდგა. დიდხანს ვფიქრობდი რას ნიშნავდა მისი ნათქვამი და როგორ უნდა გამეგო, მაგრამ ამაოდ. იქნებ ოდესმე ამაზე სასაუბროდ ორივემ გამოვნახოთ დრო. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ, რადგან კლავიატურაზე ვკრეფ ტექსტს და ჩემი აზრებისა და კალმის ღირებულების ფარდობაზე ფიქრი არ მტანჯავს.
ამბავი კი დასრულდა ასე…
წვიმიანი დღე იყო. ეს არ გავდა არც ზაფხულის ჟუჟუნა წვიმასა და არც შემოდგომის კოკისპირულს. სულ სხვაგვარად წვიმდა. ძალიან უცნაურად ცრიდა და ასეთი რამ აქამდე არ მენახა. შეციებულმა ადამიანებმა თავშესაფარი სავაჭრო ცენტრში იპოვეს, ყველამ იქ მოიყარა თავი. დიდ მინის ფანჯრებს აეკრნენ და ცას გაჰყურებდნენ იმის იმედად დარჩენილები, რომ მალე გადაიღებდა. ბავშვობაში მეგობრებმა წვიმის ექსპერტი შემარქვეს, რადგან დიდი ხნით ადრე შემეძლო გამომეცნო საწვიმარი ამინდი. რომ გავიზარდე ჩემი განსაკუთრებული უნარი დავკარგე. ვიდექი თხელი კაბითა და სველი თმოთ უცხო საზოგადოებაში გაჭედილი და მათსავით ველოდი სახლში დაბრუნების შესაძლებლობას.
– გოგონა ეს თქვენია. ზემოთ დაგრჩათ. ახლა კი არავინ მოჰკიდებს ხელს და არავინაა ამის მომპარავი, მაგრამ, რავიცი. მოგიტანე იქნებ ვეღარც გაგხსენებოდა და დაგეკარგა,- მეუბნება მოხუცი და სიძველისაგან ფურცლებგათხელებულ, ყდაგაცრეცილ წიგნს მაწვდის.
– არა ქალბატონო, ჩემი წიგნი არ არის,- ვეუბნები და ჩემს მზერას ჰორიზონტს ვუბრუნებ.
– როგორ არა, დაგინახე წეღან რომ კითხულობდი და მოგიტანე. აიღე, გამომართვი და გამომყევი …
ცოტა შემეშინდა ასეთი საქციელის, მაგრამ ინტერესმა მძლია. თანაც რა უნდა დაეშავებინა ამ მოხუცს ჩემთვის?! მით უფრო, რომ ირვგლივ ამდენი ადამიანი იყო. მოსაცდელში სკამზე დავსხედით. მან თავშალი შეიხსნა, ჯოხი გვერდით გადადო და ამ ამბავს მომიყვა …
როდესაც ამბიციებით სავსე ახალგაზრდა ხვდება მოხუცსა და გამოცდილ მწერალს, ყველაფერი ისე არ არის ჩვენ რომ გვგონია. დიდი ხნის წინათ ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ მწერალი გამხდარიყო. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, სანამ მე გამიცნობდა. ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა და სხვადასხვა გამომცემლობაში სტატიებს აქვეყნებდა. პარალელურად თხზულებებსაც წერდა, მაგრამ თავისთვის, არავის აჩვენებდა. ჩვენ უკვე ოჯახი გვქონდა და მითვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თავისი თხზულებები იყო. მესმოდა და არასდროს ვსაყვედურობდი. დღედაღამ წერდა და თავს მხოლოდ ამ საქმეს უძღვნიდა. ერთხელ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დადგა და ძალიან დიდ მწერალთან გააგზავნეს სტატიის დასაწერად. მან გადაწყვიტა, რომ ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა. იმგვარი, მხოლოდ ერთხელ რომ ეძლევა ადამიანს და შეხვედაზე თან თავისი თხზულებები წაიღო…
საერთოდ არაფერი არ მესმოდა რას ან რატომ მიყვებოდა, მაგრამ კარგად აღმზარდეს, უფროსების პატივისცემა მასწავლეს და ეს ყველაფერი უფლებას არ მაძლევდა, მისთვის სიტყვა გამეწყვეტინებინა, ავმდგარიყავი და უბრალოდ დანარჩენებს შევერთებოდი.
ოთახში რომ შესულა დაბნეულა და თავის სათაყვანებელ მწერალს ხელზე მთხვევია. მან კი ასეთი რამ უთხრა: „გასწორდი მხრებში ახალგაზრდა, სასულიერო მსახური არ გეგონო!“. შემდეგ ჩემს მეუღლეს თხზულებები გადაუცია და წაკითხა უთხოვნია მისთვის. მწერალს უარი არ უთქვამს…
პირველად დამაინტერესა ამბავმა ასე ძლიერ და არ მინდოდა, შეწყვეტილიყო , მაგრამ ვხედავდი, ნერვიულობისგან ხელებაკანკალებული მოხუცი ამბის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. ამიტომ, თავად ვკითხე,თუ რა მოხდა შემდეგ და პასუხის მოლოდინში საკუთარი გულისცემის გახშირება ვიგრძენი.
მე ამ ამბის ნამდვილი დასასრული ვიცი, მაგრამ არ მსურს მოგიყვე. დაიმახსოვრე ცხოვრებაში ბევრი დაუწერელი ისტორიაა და ჩემი მონათხრობი ერთ-ერთი ასეთია. დაუსრულებელი ამბავი, რომელიც რაკი დაიწყო მჯერა, რომ აუცილებლად გაგრძელდება. შენ იმიტომ გიამბე, რომ მინდა თავად გადაწყვიტო და საკუთარი დასასრულის ირწმუნო. მაგრამ თუ ყურადღებით მისმენდი, სიმართლე უკვე გითხარი. ახლა აიღე ეს წიგნი და იცოდე, გაუფრთხილდი.
ისე წამოვედი, რომ წიგნი არ გადამიშლია. ყდა იმდენად შელახული იყო, არაფერი იკითხებოდა. გარეთ რომ გამოვედი, ცის ბაცი ფერები სულ გაშავებულიყო და ტონალობის ცვლილების გარჩევა უკვე შეუძლებელი ხდებოდა. როგორც კი სამარშუტო ტაქსიში ავედი, წიგნი გადავშალე და დიდი ასოებით დაბეჭდილი სათაური წავიკითხე „დიდოსტატის მარჯვენა“. იქვე წარწერა იყო გაკეთებული „როდესაც ამბიციებით სავსე ახალგაზრდა ხვდება მოხუცსა და გამოცდილ მწერალს, ყველაფერი ისე არ არის ჩვენ რომ გვგონია,“- კ. გამსახურდია…
ნანუკა მაღლაკელიძე