ევროპაში მიგრანტების კრიზისის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა ბევრად უფრო მეტია ვარაუდი კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და მისი მოგვარების სამომავლო პერსპექტივებზე.
მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით BBC-ი წერს, რომ ერთადერთი ამ ეტაპზე, რაც ცხადი და პასუხგაცემულია არის ის, რომ სირიაში ომია და ბაშარ ალ ასადმა ომი საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა.
ძირითადი კითხვებია ის თუ, რატომ აჭიანურებს ევროპა კრიზისის მოგვარებას? რატომ მსჯელობს კვოტების საკითხზე კვირებით, როდესაც ერთ დღეში რამდენიმე ათეული ადამიანი კვდება სირიაში? რა საფრთხე ემუქრებათ ევროპის ქვეყნებს მიგრანტების შესვლით ან რეალურად, ვინ დგას ამ კრიზისის უკან?
უკანასკნელ კითხვაზე პასუხი პირველად რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა და მთავარ დამნაშავედ აშშ დაასახელა.
პუტინის აზრით, არსებული მდგომარეობა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ბრალია. ვლადივასტოკში ყოფნისას, პრეზიდენტმა ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა, მისი აზრით, პრობლემა იმის გამო შეიქმნა,რომ ევროპა ვაშინგტონის პოლიტიკას ბრმად მიჰყვება.
„ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია უკვე, რაც ვლაპარაკობთ. ეს კრიზისი სავსებით მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვამბობდით,რომ იქნებოდა დიდი პრობლემები, თუ ჩვენი ეგრეთ წოდებული დასავლელი პარტნიორები კვლავაც გაატარებდნენ მცდარ საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით მუსლიმური სამყაროს რეგიონებში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ეს არის საკუთარი სტანდარტების თავზე მოხვევა, ისტორიული, რელიგიური, ეროვნული, კულტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში, ეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პოლიტიკაა, ევროპა ამ პოლიტიკას ბრმად მიჰყვება, რაც მას შემდეგ ტვირთად აწვება“, – განაცხადა პუტინმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულწილად საერთო მოსაზრებები აქვთ ევროპისა და აშშ-ს ექსპერტებს. ეკონომიკური პოლიტიკის სკოლის მკვლევარი დანიელ კოსტა fortune.com-ში სტატიას აქვეყნებს, სადაც ექსპერტი წერს, რომ აშშ-მ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ რეალურად შტატები აღმოსავლეთში იმისთვის იბრძვის, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე დიქტატორული რეჟიმისგან მაშინ, რატომ არ იცავს მათ იმ ომის შედეგებისგან, რომელშიც ისიც იბრძვის.
ფიქრობენ, რომ აშშ ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერს:
პირველი – ის აწარმოებს ომს გარკვეულწილად საკუთარი ინტერესებისთვის სირიაში, მიგრანტების რიცხვი ტვირთად მას ასე თუ ისე არ აწვება, რადგან ის ოკეანის გაღმაა და მეტი წილი მიგრანტების რაოდენობა ევროპაში გადადის და მეორე – ევროპაში მიგრანტების კრიზისი პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს ერთდროულად გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, აშშ-ს საბანკო და სექტორს გააუმჯობესებს და მისგან მეტი რაოდენობის ვალს აიღებენ.
აშშ ამ მოსაზრებებს უსაფუძვლოს უწოდებს და სერიოზულ ბრალდებადაც არ განიხილავს. კერის თქმით, აშშ მზად არის უახლოესი ორი წლის განმავლობაში თავის ტერიტორიაზე 100 ათასი ლტოლვილი მიიღოს. აშშ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2016 წელს 85 ათას, 2017 წელს კი 15 ათას ლტოლვილს მიიღებს. „ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გაუმკლავდნენ მიგრანტების რაოდენობით გამოწვეულ კრიზისს“. ამის შესახებ, ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, სექტემბრის თვეში განაცხადა.
თუმცა, პარიზში მომხდარმა ტერაქტმა ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შეერთებული შტატების წარმომადგენეთა პალატის სპიკერს იმ პროგრამის დროებით შეჩერება სურს, რომლითაც ამერიკა ქვეყანაში სირიელ ლტოლვილებს იღებს. პოლ რაინის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის შეჩერება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეა აუცილებელი, რათა შემუშავდეს საზღვარზე მიგრანტების შემოწმების კონტროლის მექანიზმი. საიმიგრაციო კრიზისიდან გამომდინარე, შეერთებულმა შტატებმა ყოველწლიურად 10 000-მდე ლტოლვილის მიღების შესახებ თანხმობა განაცხადა.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა „sputnik”–ი, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მთავარი მიზანი ევროპელებისა და ამერიკელების მოსაზრებების გაცნობა იყო ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის მიზეზებზე. კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: „თქვენი აზრით, რა არის ევროპაში ლტოლვილთა კრიზისის მთავარი მიზეზი?“ პასუხები:
- ლტოლვილთა სამშობლოში მთავრობების პოლიტიკური და სამხედრო ნაბიჯები ;
- ტერორისტული საფრთხე ISIS-ისა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ;
- აშშ -ისა და ევროკავშირის სამხედრო ქმედებები ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ;
- ცუდი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ლტოლვილთა სამშობლოში ;
რესპოდენტთა ყველაზე დიდმა რაოდენობამ 33%-მა კრიზისის მიზეზად დაასახელა ISIS-სგან და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან წამოსული საფრთხე. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპელთა მოსაზრებები ერთმანეთისგან განსხვავდება.
დასავლეთ ევროპაში გამოკითხულთა მხოლოდ 11%-მა დაასახელა მიგრაციული კრიზისის მიზეზად აშშ-სა და მისი მოკავშირეების ნაბიჯები. აშშ-ში კი იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც კრიზისის მიზეზად აშშ-ოსა და მისი მოკავშირეების ჩარევას ასახელებს, სულ 8%-ს შეადგენს.
ეს გამოკითხვა კვლევითმა კომპანიამ populous-მა 2015 წლის 25-15 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 8000-მა რესპოდენტმა მიიღო. ევროკავშირის მონაცემებით წლის დასაწყისიდან
ევროკავშირის საზღვარი 500 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადალახა. გაეროს პროგნოზით ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უახლოესი ორი წლის განმავლობაში 850 ათასი მიგრანტი შევა.
სხვა მოსაზრებით, ლტოლვილების რაოდენობით გამოწვეული მდგომარეობის კრიზისში გადაყვანა თავად ევროკავშირის ბრალია. ქვეყნებს დახმარებას კანადა, აშშ და ავსტრალია უწევთ.
დასავლელი ექსპერტებისთვის, საინტერესოა ისიც,რომ მიგრანტების ევროპაში გადასვლას კრიზისის სახე მიეცა: „როგორ შეიძლება მივიყვანოთ საქმე კრიზისამდე ან შევქმნათ ამ მოვლენასთან დაკავშირებით პრობლემა. სამყაროს ერთ ნაწილში ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს არ ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში და ვმიზეზობთ,რომ მთავარი პრობლემა ეკონომიკური ფაქტორებია. რაში სჭირდება მილიონობით ევრო ევროპას, თუ ის ადამიანებს არ დაეხმარება,რომლებიც სიკვდილს ებრძვიან?!“ – BBC-სთვის წერს კატია ადლერი.
თუმცა, ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანების უფლებების დაცვის უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა The Guardian-თან ინტერვიუში თქვა, რომ ევროპის მიერ სირიელ ლტოლვილებთან მიმართებაში გამოყენებული რიტორიკა ძალიან წააგავს, 1938 წელს ევიანის კონფერენციაზე მსოფლიოს დამოკიდებულებას ებრაელების პრობლემის გარშემო.
1938 წელს მსოფლიოს გულგრილობას შედეგად ჰოლოკოსტი და 6 მილიონამდე ებრაელის მკვლელობა მოჰყვა, შესაძლოა, სწორედ ამ მწარე იტორიული გამოცდილებითაა ნაკარნახევი ის, რომ სახელმწიფოები დღესდღეობით ცდილობენ დაემორჩილონ ყველა იმ სამართლებრივ მოთხოვნას რასაც ლტოლვილებთან მიმართებაში სახელმწიფოებს უყენებს საერთაშორისო სამართალი.
აქვე საინტერესოა, რომ ვისაუბრო საერთაშორისო უმთავრესი ნორმისა და პრინციპის ე.წ. “Non Refoulement”-ის შესახებ. “Non Refoulement” პრინციპია, რომელიც განმარტავს, რომ არცერთი სახელმწიფო არ გაასახლებს ან დააბრუნებს ლტოლვილს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ემუქრება საფრთხე მისი სქესის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილებისა და პოლიტიკური მრწამსის გამო.
მაგრამ, რა მოხდება, თუ ლტოლვილთა რიცხვი გაზრდის საფრთხეს ევროპაში?
დასავლელი ექსპერტები წერენ,რომ საფრთხე არსებობს,როგორც პირდაპირი, ისე ირიბი. იზრდება კრიმინალის, ტერორიზმის საშიშროება.
ევროპაში მიგრანტების დიდი რაოდენობისგან „დაცვა“ და ე.წ „შეკავების მექანიზმის“ ფუნქცია ხუთ სახელმწიფოზე იყო გადანაწილებული.
ეს სახელმწიფოებია, პირველ რიგში, ეგვიპტე, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა საზღვაო და სასაზღვრო ზონები. ამასთანავე, ქვეყანას არ მოუხდენია შიდაკანონმდებლობის საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა, არ მიუღია კანონი და არ დაუდგენია შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ლტოლვილთა თავშესაფრის მიცემის შესახებ.
შემდეგი ქვეყანაა ლიბანი, სახელმწიფო თავისი კანონმდებლობით ზღუდავს ლტოლვილების უფლებებს და აწესებს მხოლოდ პოლიტიკური თავშესაფრის უფლებას.
ერაყი არ არის 1951 წლის ლტოლვილთა კონვენციის მხარე, მიუხედავად ამისა, ქვეყანა პროცედურულ და სხვა სახის დახმარებებს უწევს ლტოლვილებს. აღსანიშნავია ისიც,რომ 2011 წელს სირიელმა ლტოლვილებმა სწორედ ერაყის საჯარო სკოლებში სწავლისა და მუშაობის უფლება მიიღეს. მიუხედავად,ამისა სირიელებისთვის აღმოსავლეთი მაინც საშიშ ადგილად მიიჩნევა და ერაყში ნაკლები ლტოლვილი ჩადის.
შემდეგი ქვეყანაა იორდანია, მისი კანონმდებლობა აწესებს მიგრანტებისთვის ცხოვრების, საქმიანობისა და სწავლის უფლებების მინიჭების პროცედურებს, თუმცა ეს უფლებები 1 წლიანია.
მეხუთე ქვეყანა თურქეთია, ევროკავშირი სამ მილიარდ ევროს სთავაზობს თურქეთს და ჰპირდება, რომ გააქტიურდება ევროკავშირში მის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას, მიგრანტთა ნაკადის შეკავების სანაცვლოდ. სწორედ თურქეთია მიჩნეული საკვანძო მნიშვნელობის ქვეყნად ევროპაში მიგრაციით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. თურქეთი, რომელმაც სირიაში დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ორი მილიონი ლტოლვილი უკვე მიიღო, სანაცვლოდ ბრიუსელისგან ქურთებთან დაკავშირებულ საკითხზე კომპრომისებს მოითხოვს.
ამ დროისთვის, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, საბერძნეთში წელს ჩასულ 25 000 მიგრანტს შორის, ყოველი ათიდან ცხრა სირიის, ავღანეთისა და ერაყის მოქალაქეა. ერიტრეის, სომალისა და სუდანის მოქალაქეები, იტალიაში ჩასული 119500 მიგრანტის 41 %-ს შეადგენენ, 6 % -ს კი სირიის მოქალაქეები. სექტემბერში ბერლინში ამბობდნენ,რომ წლის ბოლომდე რვასი ათას ლტოლვილს ელოდებოდნენ, დღეს კი ეს რიცხვი მილიონნახევრამდეა გაზრდილი.
სირიაში სამოქალაქო ომის პარალელურად ევროპა მსჯელობს თუ,როგორ უნდა გაინაწილოს ლტოლვილები და როგორ მოაგვაროს ეკონომიკური კრიზისი, რუსეთს დამნაშავედ აშშ ესახება, აშშ ევროპას თანადგომას უცხადებს. სირია კი ბაშარ ალ ასადის პოლიტიკის, აშშ-ს, მისი პარტნიორებისა და რუსეთის დამბომბვის შედეგად,რამდენიმე ნაწილად არის გახლეჩილი. განადგურებულია ქალაქები, აღარ არსებობს გზები და ინფრასტრუქტურა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 220 ათასს გადააჭარბა.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე