საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს „ქოლგა“ ორგანიზაციას, დღესდღეობით, 1500-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს. ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობაში, იგი ადვოკატირებას უწევს ფერმერებისა და კერძო სექტორის საჭიროებებს.
წევრები და დაინტერესებული მხარეები სარგებლობენ ორგანიზაციის მრავალფეროვანი მომსახურებით, როგორიცაა ბაზრის კვლევა, ყოველთვიური ანგარიშები, კერძო სექტორის საჭიროებათა შეფასება, შესაძლებლობათა აუდიტი დას ხვა. ორგანიზაცია ყველასთვის ცნობილ ქალ ფერმერთან და მეწარმესთან ასოცირდება. ნინო ზამბახიძემ იგი 2012 წელს დაარსა. მისთვის დაბრკოლებები არ არსებობს და ფიქრობს, რომ მეწარმეული სულისკვეთება ყოველთვის ჰქონდა. აგრო სექტორში მუშაობის გამოცდილებამ მისცა საშუალება დაკვირვება მოეხდინა სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებზე. „არ არსებობს ფერმერთა ბაზები, ვინ რას აწარმოებს და კიდევ, დეფინიცია ფერმერიც კი არ გვაქვს. ვინ არის ფერმერი?“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ნინო ზამბახიძე. წარმატებული მეწარმე და ფერმერი რთულ საქმიანობას სწავლასაც უთავსებს და ცდილობს მრავალმხრივ განავითაროს თავისი საქმიანობა.
„თბილისი თაიმსს“ ნინო ზამბახიძე საკუთარი ბიზნესის, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პრობლემებისა და ფერმერთა ასოციაციის საქმიანობის შესახებ, ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენი ბიოგრაფია მოკლედ, რას საქმიანობდით სანამ საკუთარ ბიზნესს დაიწყებდით … – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტში ინგლისური ენა და ლიტერატურა დავამთავრე, შემდეგ ამერიკაში წავედი სასწავლებლად, იქიდან კი ვეცადე ბიზნესი ამეწყო, რომელიც სამწუხაროდ კრახით დამთავრდა. ამის შემდეგ, ერთ ბერძენთან ვმუშაობდი თანაშემწედ საქართველოში, სწორედ მის ხელში გავიარე ბიზნესის საფუძვლები. გარკვეული მიზეზების გამო მან საქართველო დატოვა და ასე აღმოვჩნდი აუდიტორულ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად. საკუთარი ბიზნესი დავიწყე ყავის და ჩაის იმპორტითა და დისტრიბუციით. აქ გავიცანი ჩემი ახლანდელი ბიზნეს პარტნიორი რომელთან ერთადაც უკვე 16 წელია ვმუშაობ, შემდეგ გავხდი ორგანიზაციის „მოახდინე ინვესტირება მომავალში“, რომელიც ჰილარი კლინტონის პატრონაჟით ხორციელდება, ქვეყნის საპატიო კოორდინატორი. ამჟამად კი, გრენობლის ეკონომიკური სკოლის მაგისტრატურას ვამთავრებ.
როდის დაინტერესდით მეწარმის პროფესიით?
– მგონია რომ, მეწარმეული სულისკვეთება სულ მქონდა. ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი ბიზნესი. ეს სურვილი, ჯერ კიდევ, ამერიკიდან მომყვებოდა, იმ დღიდან, როდესაც პირველად ვნახე კონცეფცია – „თან წაიღე ყავა“. ამას შემდეგ მოჰყვა ჩემი კარიერა აგრო სექტორში, რომელიც სასაცილო ისტორიას – ორ ძროხას უკავშირდება. ასე დავიწყე ყველაფერი და გავხდი 2007 წელს ფერმერი. გავაკეთე ყველის, კორმის საწარმო. ავაშენე ფერმა, ვაშლის ბაღი და ხილის და ბოსტნეულის შენმახველი სამაცივრე მეურნეობა, ხოლო შემდეგ უკვე ფერმერთა ტრეინინგ ცენტრი. აქ უნდა ავღნიშნო ისიც, რომ რეგიონში ყველა დონორ ორგანიზაციასთან მაქვს ნამუშევარი და სრულყოფილი მეწარმე მათი წყალობით ვარ.
რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ „ფერმერთა ასოციაცია“?
– როდესაც სოფელში გადავედი საცხოვრებლად უამრავი პრობლემა დამხვდა, რომელსაც მიუხედავად, ჩემი სანაცნობო წრისა ვერ ვაგვარებდი. ამიტომ გადავწყვიტე თანამოაზრეები შემომეკრიბა და 2012 წელს დავაარსე ფერმერთა ასოციაციაა, რომელიც დღეს უკვე 1500 მეტ ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ასოციაციის შესახებ,რომ მოგვიყვეთ, რა ორგანიზაციაა და როგორი სტრუქტურა აქვს?
– ფერმერთა ასოციაცია არამომგებიანი ორგანიზაციაა, ჰყავს თავისი გამგეობა, წევრი ფერმერები, ასოცირებული წევრები, მრჩეველთა საბჭო, ხოლო ახლა ფერმერთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტად ავირჩიეთ ყოფილი ევროკავშირის ატაშე, სოფლის მეურნეობის დარგში, ხუან ეჩანოვე. ძირითადათ სამი მიმართულებით ვმუშაობთ, ვართ შუამავალი რგოლი ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის, კონსოლიდირებულად ვაწვდით პრობლემებს ხელისუფლებას და მათ მოგვარებას ვცდილობთ. ფერმერმერებს ვეხმარებით მათ მიერ მოწეული პროდუქციის რეალიზაციაში და ამასთანავე,ვეწევით ფერმერების პიარ კამპანიას რადგანაც ვთვლით, რომ ფერმერი პატრიოტია და მათ შესახებ ყველამ უნდა გაიგოს!
როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობაშია და რა როლი აქვს ფერმერთა ასოციაციას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში?
– პრობლემებს, რა გამოლევს… დარგი წლებია მიტოვებული იყო და ახლა იწყებს ნელ-ნელა განვითარებას. ძირითადი პრობლემა განათლებაა, რომლის გარეშეც მერწმუნეთ ეკონომიკის განვითარება რთულია. ფერმერებს არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა, არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, არ არის მოქნილი სათანადოდ სადაზღვევო მექანიზმი. ჭირს იაფი რესურსების ხელმისაწვდომობა, კერძოდ, კი დამწყები ბიზნესების დაფინანსება ბანკების მიერ არ ხორციელდება, საჭიროა მიწის კადასტრიზაცია, რომ გვქონდეს ინფორმაცია კერძო, თუ სახელმწიფო საკუთრებაში მიწის, რა ფართობებია, არ არსებობს ფერმერთა ბაზები, ვინ რას აწარმოებს და კიდევ, დეფინიცია ფერმერიც კი არ გვაქვს. ვინ არის ფერმერი?
როგორ აღიქვავთ საკუთარ საქმიანობას, ბიზნესად თუ საყვარელ საქმედ?
– ჩემი საქმიანობა არის საყვარელი საქმე, რომელიც ასევე სერიოზული ბიზნესია. აქამდე სოფლის მეურნეობა ბიზნესად აღქმული არ იყო, რიგ შემთხვევაში ხალხს ღიმილსაც გვრიდა, თუმცა ამ დარგის „გაბიზნესებას“ ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ხელისუფლებამ, არასამთავრობო თუ დონორმა ორგანიზაციებმა და რაც მთავარია ჟურნალისტებმა.
რთულ სამუშაო გრაფიკთან ერთად,როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახსა და თქვენს საქმიანობას?
– ვერ ვუთავსებ. რთული გრაფიკის გამო ოჯახი დამენგრა და ჩემდა სამწუხაროდ, ბავშვებს დიდი ყურადღებას ვერ ვაქცევ. რეგიონებში სიარულს დიდი დრო მიაქვს, იმედს ვიტოვებ რომ მათ კარგ სახელს დავუტოვებ, რითაც ერთ დღეს იამაყებენ. ჩემი ოჯახი დედაჩემს აბარია. მის გარეშე წარმატებული ვერ ვიქნებოდი, თუმცა ჩემი შვილების დამსახურებაც დიდია არც ისენი მირთულებენ ცხოვრებას და მოსწონთ ის, რასაც ვაკეთებ!
რა არის თქვენთვის მუშაობის პროცესში მიუღებელი და ყველაზე მეტად, რა სირთულეები შეგხვდათ მუშაობის მანძილზე?
– სირთულეები ბევრია განსაკუთრებით, შენთვის უცხო დარგში, როდესაც იწყებ მუშაობას. რაც ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს მაღალკვალიფიცირებული კადრის დეფციტია, რაც შეეხება მუშაობის პროცესს ყველაფერს გაგებით ვეკიდები, გარდა უპასუხისმგებლობისა.
რა არის თქვენი სისუსტე?
– ალბათ ჩემს ემოციურობას გამოვყოფდი, როგორც სისუსტეს.
ადგილი, სადაც სიამოვნებით ისვენებთ, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?
– უნდა გამოგიტყდეთ, რომ ბოლოს, სად დავისვენე აღარ მახსოვს. ძალიან ადრე მივდივარ სამსახურში და ღამე ათზე ან თერთმეტზე მოვდივარ. იმდენად დაღლილი ვარ, რომ მეგობრებსაც კი ვერ ვნახულობა. სოციალური ქსელის მადლობელი ვარ, გვიან დაღლილი გადავავლებ თვალს, მოვინახულებ მეგობრებს და განცდა მაქვს, რომ მთელი დღე მათან ერთად გავატარე.
როგორია თქვენი წარმატების ფორმულა და რას ურჩევთ ახალგაზრდა მეწარმეებს?
– პირველი – უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა წარუმატებლობა წარმატების საწინდარია, მეორე – რაც არ კლავთ აძლიერებთ, და მესამე – გულით უნდა უნდოდეთ და სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ და აუცილებლად გამოუვათ.
რა არის თქვენი, როგორც მეწარმის სამომავლო გეგმები?
– მე ერთი თვისება მაქვს არასდროს ვარ კმაყოფილი იმით, რაც შევქმენი და ახალახალს ვიგონებ. 2015 წელს უკვე არაფერს ვგეგმავ, ხოლო 2016 წელს მაგისტრატურას ვამთავრებ და ალბათ, ჩემს ფერმერულ მეურნეობას განვავითარებ, ხოლო ფერმერთა ასოციაციისთვის კი სტრატეგია დაწერილი მაქვს და ამ მიმართულებით მის სრულყოფაზე ვაპირებ მუშაობას.
ნათია კეკენაძე