დილით, როგორც კი კარი გავიხურე და კიბეებზე დავეშვი, ორი შეტყობინება მომივიდა. ერთი ჩემს მეზობელს ეკუთვნოდა, რომელიც მთხოვდა, დავლოდებოდი და უნივერსიტეტში ერთად წავსულიყავით, მეორე – მეგობარს, რომელიც შემდეგ სიტყვებს მწერდა: „რა არის დასასრული?“. არ მეუცნაურა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა. გეგა ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს და ალბათ მორიგი შეტევა აქვს. ისე, ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს კაცობრიობის თავსატეხებზეც? გამეღიმა… იქვე, სადარბაზოს კიბეზე ჩამოვჯექი და მეზობლის მოლოდინში კედლის თვალიერება დავიწყე. ორ აგურს შორის გაბმულ ობობას ქსელში უიმედოდ ფართხალებდა ბუზი. რაც უფრო მეტად ცდილობდა თავის დაღწევას, მით უფრო მეტად იხლართებოდა მათემატიკური სიზუსტით მოქსოვილ ბადეში.
ობობა ფრთხილად უახლოვდებოდა მას. უცნაური თვალები ჰქონდა. ის დღე გამახსენდა, ჩემი ყოფილი შეყვარებულის ახლანდელი შეყვარებული, რომ შემეჩეხა ვიწრო გასასვლელში. წამით შევხედე, მაგრამ მკაფიოდ დავინახე, როგორ გაუფართოვდა გუგები, როგორ აემღვრა თვალები. რატომღაც მეგონა, იმ წუთას ნაწილებად ჩემი დაშლა სურდა. ეს შეგრძნება უცნაურად მესიამოვნა. იმიტომ კი არა, რომ შურისძიება ან ფარული მტრობა იყო შუაში ან თავში არა! უბრალოდ, სასიამოვნო იყო, რომ შემეძლო, შვიდად და აუღელვებლად მეყურებინა ადამიანისთვის, რომელსაც ებრიცებოდა ნაკვთები, ემღვრეოდა თვალები, უთრთოლდებოდა ტუჩები, ინგრეოდა ფსიქიკურად, შემდეგ გამეღიმა და ის მიმხვდარიყო, რომ მე ყველაფერს მივხვდი, მისი თითოეული აზრი წავიკითხე და, ამის გამო, კიდევ უფრო გაცოფებულიყო… მარი ჩამოვიდა და ფიქრებიდან სწრაფად გამოვერკვიე…
ლექციები გვიან დამიმთავრდა. ფეხით წამოვედი. გონებაში ნაცნობი შეგრძნება შემოვიდა. დავაკვირდი, მაშინ მოდის ხოლმე, როცა დაღლილი ვარ და ბრძოლის თავი არ მაქვს. როგორც იტყვიან, მომენტით სარგებლობს. გეგას შეტყობინება გამახსენდა და დავფიქრდი..
პირველად მაშინ დასრულდა, გრძელი თმა რომ ძალიან მოკლედ შემჭრეს, ღრმა ბავშვობაში. მეგონა, აღარასდროს გაიზრდებოდა… დასასრული იყო ის დღე, პირველი სამიანი რომ მივიღე მათემატიკაში და ის დღეც, ბიჭმა, რომელიც მომწონდა, ყვავილები რომ სხვა გოგოს აჩუქა მესამე კლასში… უფრო დიდი დასასრული იმ დღეს იყო, სახლში რომ მოვედი და ბებია აღარ დამხვდა… უცნაური დასასრული იყო სკოლის დამთავრება. მაშინ კარგად ვერ მივხვდი, მაგრამ წელს რომ გავიარე და და ჩემ ნაცვლად სხვები იდგნენ აჭრელებული მაისურებით, მივხვდი, მართლა დასრულდა. არა, არ მწყენია, მაგრამ თავი მაინც გავაქნიე უსიამოვნო ფიქრების ამოსაყრელად. სულ დამავიწყდა, კინაღამ დასასრული იყო, რამდენიმე წლის წინ სწრაფადმომავალმა მანქანამ რომ ფეხებთან დამიმუხრუჭა. იმ დასასრულის ყველაზე მეტად შემეშინდა.. ახლა, ღამღამობით, სხვა დასრულებისაც მეშინია ხოლმე, მაგრამ ამაზე არ გვინდა…
სადარბაზოში შევედი. იმ კიბეზე შევჩერდი, დილას რომ ვიჯექი. ობობას ქსელში გაბმული ბუზი აღარ ფართხალებდა. მომეჩვენა, რომ „ის“ ჩვეულებრივზე მეტად მსუბუქი იყო. ობობა სხვა კუთხეში გადასულიყო. „კიდევ ერთი დასასრული“ გავიფიქრე და კიბეს ავუყევი.
სახლში შევედი. მკაფიოდ მესმის დედაჩემის ხმა, რომელიც ჩემს დას უხსნის მათემატიკურ ფუნქციებს; ვხედავ მამას, რომელიც ოთახიდან ოთახში დარბის და თავის სახაზავს ეძებს, რომელიც „გაქრა“; მირეკავს მეგობარი, რომელიც ხვალინდელ პრეზენტაციაზე მეკითხება რაღაცას; ღრიალებს ტელევიზორი, რომლისთვისაც არავის სცხელა და ვხვდები, რომ რაღაც შეიცვალა… ის შეგრძნება წავიდა…
ახლა ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო… ვიღებ ტელეფონს, ვხსნი ფილოსოფოსი გეგას ფილოსოფიურ შეტყობინებას და სწრაფად ვკრეფ სიტყვებს: „დასასრული? ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა“
ანა ვარდოსანიძე