ვარშავის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში, გამოფენა: “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” ოფიციალურად გაიხსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის ეთნოგრაფიული მუზეუმის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმართება.
გამოფენის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და ვარშავის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიისა და მისი უნიკალურობის შესახებ ისაუბრა.
გამოფენაზე, რომელიც ერთი თვე გასტანს, წარმოდგენილია ქართული ეროვნული კოსტიუმები და მიკრომოზაიკის სამკაულები.
გამოფენის გახსნის ცერემონიას პოლონეთის სამთავრობო უწყებების, სენატისა და სეიმის წარმომადგენლები, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები და პოლონეთში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ.