თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომპანიების მიერ წარმოებული სამუშაოების ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
როგორც გიორგი ბაგრატიონმა აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, კომპანიების მიერ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის დაზიანება ხდება, ასევე, სამუშაოების არასათანადოდ შესრულება და ვადების გადაცილება.
თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ფოტომასალის სახით კონკრეტული პრობლემური პროექტები წარადგინეს. აღინიშნა, რომ კომპანიების მიერ სამუშაოების წარმოებისას ხშირ შემთხვევაში არ ხდება უსაფრთხოების ღობეებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსება.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის განცხადებით, მოწესრიგებული ასფალტის საფარის დაზიანების შემთხვევაში, შემდგომში მისი სათანადო ხარისხით აღდგენა აღარ ხდება.
როგორც გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, კომპანიების მხრიდან, სამუშაოების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ჯარიმები კიდევ უფრო გამკაცრდება.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას „თელასის“, „GWP“-ს, „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.