საქართველოში ძალიან ბევრი ხელოვანი ადამიანი ცხოვრობს, თითოეული მისი ინდივიდუალურობითა და ნიჭიერებით გამოირჩევა. ხელოვანი ადამიანები ყოველთვის განსხვავებული, საინტერესო და იდუმალი პიროვნებები არიან ყველას საკუთარი სტილი, საკუთარი ხელწერა აქვს. საინტერესოა რა შეიძლება იყოს ხელოვანის შთაგონება, აქვს თუ არა მხატარს, როგორც შემოქმედს რაიმე შიში და რაში გამოიხატება ეს, აგრეთვე საინტერესოა რამდენად ინტერესდება საზოგადოება თანამედროვე მხატვრობით. ამ და სხვა თემებზე „თბილისი თაიმსი“ ნიჭიერს და წარმატებულ მხატვარს, გოჩა კაკაბაძეს ესაუბრა.
გოჩა კაკაბაძე დაიბადა 1966 წლის 24 აპრილს. ხატვა ბაღის ასაკიდან დაიწყო, თუმცა ამ სფეროს სერიოზულად აღქმა სკოლის პერიოდს უკავშირდება. შემდეგ იყო ქალაქ ჭიათურის პიონერთა სასახლეში არსებული ხატვის წრე. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამამთავრებელ კურსზე ჩაირიცხა, სადაც ერთი წელი სწავლობდა. 1984-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ხატვისას იყენებს ყველანაირ საღებავს, იყენებს ქარხნულ საღებავსაც და პიგმენტებსაც, რომლებსაც ტრადიციული ხერხებით ამზადებს. ხატავს ყველაფერზე იქნება ეს ქაღალდი, ტილო, თუნუქი თუ ხე. ხშირად ნახატის შესასრულებლად იყენებს ფურცლოვან ოქროს.
მხატვარი საკუთარ თავს თავისუფალ, დამოუკიდებელ მხატვრად მიიჩნევს. მას მრავალფეროვნება უყვარს მისი ნახატების ნაირსახეობაც სწორედ ამით აიხსნება – „ერთი და იმავეს კეთება მოსაწყენია, ხელოვანს უნდა შეეძლოს მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს.“ მხატვარს არ სჭირდება შთაგონება იმისათვის, რომ შექმნას რაღაც ღირებული „ხატვა ჩემთვის იმდენი ხნის საქმეა უკვე ვეღარც ვხვდები რა არის შთაგონების წყარო, მე ვხატავ ყოველთვის. არ მჭირდება სპეციალური განწყობა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ხატვის სურვილია ეს გრძნობა კი არასოდეს მინელდება,“ – ამბობს მხატვარი.
გოჩა კაკაბაძეს 20-მდე გამოფენა აქვს მოწყობილი მის თანაპარტნიორ მამუკა შენგელიასთან ერთად. ისინი ერთად მონაწილეობდნენ შვეიცარიაში, გერმანიაში, იტალიასა და საქართველოშიც გამართულ გამოფენებზე. მხატვარი საუბრობს საზოგადოების დამოკიდებულებაზე: “დაინტერესება დიდია, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთაც, თუმცა ქართველების უმრავლესობა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ყიდულობს ნახატებს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტოც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართველი საზოგადოების ინტერესი გაიზარდა.
რა შიში შეიძლება ჰქონდეს მხატვარს? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ჩაფიქრდა და თქვა, რომ ესეც ინდივიდუალურია. “მხატვარის, როგორც ხელოვანის შიში შეიძლება არსებობს, თუმცა მე ამაზე არასოდეს მიფიქრია. როდესაც ქმნი ნახატს ნაკლებად ფიქრობ სხვების აზრსა და შეფასებაზე.“
გატაცებულია ხატწერით. მოხატული აქვს ეკლესიები 2007 წელს მოხატა ცხრუკვეთის წმინდა გიორგის მცირე სალოცავი. (დასავლეთ საქართველო) 2008 წელს მოხატა მცხეთის გეთსიმანიის ტაძარი მამუკა შენგელიასთან ერთად. 2011-12 წლებში მან შექმნა-იაკობ გოგებაშვილის საღვთო ისტორიის 600-მდე ილუსტრაცია მამუკა შენგელიასთან ერთად. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. შემნილი აქვს არაერთი წიგნი.
მის მიერ არის შექმნილი 7 იგავი, ასევე წმინდა გიორგი (ილუსტრირებული). თითოეულ ასოს თითოულ მონახაზს დიდი სიფრთხილით ასრულებს. ამჟამად საკუთარ შვილს ხატავს და კოლექციას ამ ნახატს შემატებს. მოსწონს საქმე, რომელსაც ემსახურება მთელი ცხოვრება. მოსწონს ახალგზრობა, რომელიც მისი თაობისგან რადიკალურად განსხვავდება, რომელთაცთვლის, რომ მეტი თავისუფლება აქვთ, სწორედ ამით ხსნის იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ახალგაზრდა მხატვრები გამორჩეულები არიან.
სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს, მან გაგვანდო, რომ მზადდება სერიოზული პროექტი (დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა) ჩართულია და ყოველდღიურად მუშაობს. მისი თქმით, გრანდიოზული პროექტის პრეზენტაცია გაზაფხულზე მოეწყობა.
მარიამ ფანჩულიძე