“ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ეროვნულ ვალუტაზე გაუმჯობესებულია და უკეთესობისკენ მიდის,” – ამის შესახებ “ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი – დოქტრინას“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ნავთობის ფასის კლებასთან მიმართებით, საქართველოს ეროვნულ ბანკმა, ადეკვატური ზომები და შესაბამისი პრევენციული პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა საქართველო ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეს ამ პროცესებიდან.
„დღევანდელი ჩვენი მაკროეკონომიკური რეალობა ასეთია: საგარეო ვაჭრობამ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 8 მილიარდ 890 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. შემცირებულია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მაგრამ პოზიტიურია ის, რომ მიუხედავად კლებისა, შემცირებულია ასევე უარყოფითი სავაჭრო სალდო – წინა წელთან შედარებით 240 მილიონი დოლარით, რაც ნიშნავს იმას, რომ 240 მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნიდან. ასევე საგრძნობლად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, 2014 წელს მილიარდ 700 მილიონზე მეტი შეადგინა, 2015 წლის პირველი 3 კვარტლის მონაცემებით მილიარდ 19 მილიონს გადააჭარბა. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში კი ინვესტიციების მოცულობ 489 მილიონია და ეს უტოლდება 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მე-3 კვარტალში. ასევე წლიდან-წლამდე იზრდება საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები. ბოლო 2 წელიწადნახევარში მკვეთრად გაიზარდა შემოსავლები და 2015 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 10 მილიონით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 620 მილიონი დოლარი შეადგინა. ანუ ჩვენ ყველა პარამატრი, ყველა მონაცემი, რომელიც უკავშირდება ეროვნული ვალუტის გამყარებას, დევალვაციის შეჩერებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას, ყველა ეს სახეზე გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო გზავნილებს, 2015 წლის ნოემბრში დაფიქსირდა 85 მილიონი დოლარის შემოდინება ქვეყანაში, წინა წელთან შედარებით ანალოგიურ თვესთან მიმართებით კლებაა 19 მილიონის ფარგლებში. საბოლოო ჯამში, ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ეროვნულ ვალუტაზე გაუმჯობესებულია და უკეთესობისკენ მიდის“, – განაცხადა ზარქუამ.
ექსპერტის განცხადებით, დღეს ეკონომიკური პარამეტრები და ხელისუფლებიდან ბიუჯეტის ხარჯვა თანაბარია, აქედან გამომდინარე, შიდა საფრთხეები ეროვნულ ვალუტას და ინფლაციას არ ემუქრება. თუმცა მან აქვე ახსენა საგარეო გამოწვევები, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეასბამისი პრევენციული ზომები უნდა გაატაროს, რათა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო არ დაზარალდეს.
„ისევ გრძელდება საგარეო გამოწვევები, იცით რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა და 36,2 დოლარი შეადგინა, რაც ბუნებრივია ასახვას ჰპოვებს ჩვენს ძირითად პარტნიორ ქვეყნებზე, რომლებსაც ძირითადი შემოსავალი ნავთობიდან აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია აზერბაიჯანი. ბუნებრივია, შესაბამისად, სანავთობო ფასები როცა კლებულობს, ეს ასახვას პოულობს აზერბაიჯანის შემოსავალზე, ეს პირდაპირ ასახვას პოვებს მის სავალუტო ნაკადებზე. იცით რომ აზერბაიჯანში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მცურავ რეჟიმზე გადასულიყო აზერბაიჯანული მანათი, რაზეც შესაბმისი რეაგირება მოახდინა აზერბაიჯანულმა მანათმა, ის გაუფასურდა რამდენიმე საათში და ალბათ გაგრძელდება კიდეც. ბუნებრივია, ეს ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც, საგარეო ვაჭრობაზე, დინამიკაზე, ასევე სავალუტო გაცვლებზე, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ მიიღოს ადეკვატური ზომები, გაატაროს შესაბამისი პრევენციული პოლიტიკა, რომ საქართველო ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეს ამ პროცესებიდან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.