„ყველაფერი მაინც ჩინურია, რაც უფრო იაფად იყიდი მით უკეთესი“
ვარკეთილის მეტრო, ეს არის ადგილი, სადაც ერთდროულად შეგიძლია ნახო კაზინო “Las Vegas”-ი და „თათრების ბაზრობა”. ასე მგონია მხოლოდ საქართველოში თუა მსგავსი კომბინაციები. ეჭვი მეპარება ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქალაქში პოკერის სასახლე და „გეტრის“ გამყიდველი ერთად მდგარიყოს. თუმცა ვარკეთილში რას არ ნახავ ადამიანი.
თვითონ უბანი საკმაოდ წყნარია, რასაც ვერ ვიტყვით ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ზემოთ ვახსენე, მეტროსთან ძალიან ახლოს არის თათრების ბაზრობა. ალბათ მკითხველს გონია, რომ ეს არის ადგილი, სადაც ასობით და ათასობით ადამიანი ტრიალებს, ირევა, მიდი-მოდის, ვაჭრობს, მაგრამ საქმე ასე სტანდარტულადაც არაა. ბაზრობა ძალიან მშვიდი ადგილია მასთან მისასვლელ გზასთან შედარებით. მიწისქვეშა ამოსასვლელიდან თავის ამოყოფა და რაიმე უცნაური ნივთის ყიდვის შემოთავაზება ერთია. უცებ შემოგეგებება ქალბატონი, ჩვენში რომ „ციგნებს“ ვეძახით და გთავაზობს „კეტს“ ხუთ ლარად. ჯერ არ აქცევ ყურადღებას და გგონია, რომ ასეთი აქ მხოლოდ ერთი ან ორი დგას. თუმცა მოლოდინი არ გიმართლდება და მიწიქვეშიდან ბოლომდე ამოსული ხედავ, რომ „თათრების ბაზრობამდე“ მისასვლელი გზა ფაქტიურად არც კი ჩანს. მხოლოდ წვრილი ბილიკი, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვისაა და ისიც ისეთი გაუვალია, რომ ხუთი წუთის გასავლელ გზას, ნახევარსაათიან მოგზაურობად გადაგიქცევს.
მე გავბედე და ჩავუყევი ამ გზას და ვიხილე ბევრი ჩემთვის და ალბათ, თქვენთვისაც უჩვეულო რამ. ფეხსაცმელები ათ ლარად, რომლის ფასსაც მისი კითხვის და არ ყიდვის შემდეგ ორმაგად გიკლებენ და ხუთად გატანენ, გოგონების ჟაკეტებიც დაახლოებით ათ ლარად და მოკლედ, ყველაფერი ათ ლარად, თუ ცოტა სახე მოგეღუშა მაშინ ხუთადაც. მე გავჩერდი ერთ-ერთ „დახლთან“, ბრჭყალები იმიტომ, რომ დახლები აქ არ არის, ეგრედ წოდებული „ტავარი“ აქ მიწაზე დაფენილ ნაჭრებზე უწყვიათ, ისიც ერთი-ორს. ზოგს პირდაპირ მოფენილი აქვს „სუფთა“ ასფალტზე. შევჩერდი იმიტომ, რომ დამაინტერესა რას უმზერდა და რაში იქექებოდა გულმოდგინედ ქალების ჯგუფი. აღმოჩნდა დაგდებულ ყუთში თავმოყრილი ქალის თეთრეული. ერთ ქალბატონი ეუბნება თავის თანმხლებ ქალბატონს: „ვიყიდი ერთ ხუთცალს, ორ ლარად კიდევ სად იშოვი. გავრცეცხავ და ეგ იქნება, რამდენიმე ჩაცმაზე ხო ივარგებს, ყველაფერი მაინც ჩინაურია, რას უფრო იაფად იყიდი მით უკეთესი“. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ აქ მთავარი ფასია, და არა ხარისხი.
დაახლოებით თხუთმეტწუთიანი წვალების შემდეგ მივაღწიე „თათრების ბაზრობამდეც“. შეგრძნება ძალიან უცნაური დამრჩა. ასე მეგონა ხალხისაგან მიტოვებულ, მივიწყებულ ადგილზე მოვხვდი. აქ პირველად არ ვარ, თვითონაც ვარკეთილის მკვიდრი ვარ და სულ რაღაც ოთხი წლის წინ, როცა გარევაჭრობა აიკრძალა, აქაურობა პატარა ლილოს გავდა. ახლა მიმოვიხედე და დახლებთან მოღუშული გამყიდვლების მეტი ვერავინ ვერ დავინახე. აქა იქ ერთი-ორი მყიდველი თუ მოჩანდა, ან უბრალოდ დამთვალიერებელი. მივედი ჯინსების გამყიდველთან და პირველი რაც ვკითხე ეს იყო: „-აქ სულ ასეთი სიცარიელეა? -რაც ეს ქურთებია თუ ციგნები გამოჩნდნენ მის მერე ერთი შარვლის გაყიდვა ჩემთვის ზეიმია. ყველა იქ მიდის, როგორ არ მივლენ, ხუთ ლარად რო იყიდი ერთ კაბას. იმათ არც ადგილის ფული აქვთ გადასახდელი, არც გადამყიდველები არიან, გგონია ნაყიდი უდევთ ეგ საქონელი იქ? როგორ შოულობენ ეგ კიდევ საკითხავია. ჩვენ კიდე რამდენი რამე უნდა გავითვალისწინოთ, თანაც მოგება ხო უნდა ვნახო, ტყუილად ხო არ ვიდგები აქ დილიდან საღამომდე“. ჩემს პატარა შეკითხვას ისეთი პასუხი მოყვა, რომ ჩემთვის ყველაფერი გასაგები და ნათელი გახდა.
გამოვედი ბაზრობიდან და ისევ ჩავუყევი იმავე გზას. მივედი ერთ-ერთ გარე მოვაჭრესთან და ვცადე მეკითხა, იხდიდა თუ არა მიწის ფულს, მას კი გაეცინა და რაღაც ჩაილაპარაკა თავის ენაზე, მერე მითხრა არ ხარ შენ მყიდველი და გაიარეო. რომ მოვიხედე ჩემს უკან პატარა რიგი ჩამდგარა: „გოგონა გამოიწიე თუ არ ყიდულობ არაფერს“, – გაისმა მკაცრი ხმა.
სოფო ხურცილავა