“საქართველოს განვითარების ფონდი” დაფუძნდა იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ დღეს სასტუმრო “რედისონში”, ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“საქართველოს განვითარების ფონდი” დაფუძნდა იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის. ჩვენ ვამბობთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. “საქართველოს განვითარების ფონდი” დაფუძნდა იმისთვის, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობისა და შიშის ეპოქა. დიახ, შიშის ეპოქა – ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის. “საქართველოს განვითარების ფონდი” დაფუძნდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ადამიანების “ჩემიანებად” და “სხვისიანებად” დაყოფა. მე მიმაჩნია, რომ სწორედ დაყოფა იყო მთავარი დამანგრეველი ძალა ბოლო 25 წლის განმავლობაში. ამდენად, ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ორგანიზაციას. “საქართველოს განვითარების ფონდი” არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ჩვენ ყველას საერთო მიზნისა და საერთო იდეალების ირგვლივ გაგვაერთიანებს. ჩვენი ფონდი არის ყველა თავისი საქმის მცოდნე ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, თუ სად არის ის – სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ კერძო ბიზნესში; მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის – ქართველი, აფხაზი, ოსი, რუსი, სომეხი, ეზიდი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, ქისტი, ბერძენი; და, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, თუ სად ლოცულობს ის”, – განაცხდაა პაატა ბურჭულაძემ. ამასთან, ბურჭულაძის
სურვილია, რომ “საქართველოს განვითარების ფონდის” ირგვლივ გაერთიანდნენ ახალგაზრდები, ვინაიდან მათი მონაწილეობის გარეშე ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენელია. “ფონდი შეიქმნა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა განვითარებასა და გამარჯვებაში, რადგან საქართველო ყოველი ჩვენგანის საზრუნავია”, – დასძინა პაატა ბურჭულაძემ.