საქართველოში აქტიურად განიხილება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა. შსს–ს ინიციატივას საზოგადოების ნაწილი მიემხრო, თუმცა გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც. საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის მიზეზი, მათი რაოდენობის გაზრდა გახდა, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას. საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს სამომავლო ცვლილებებს და მოითხოვს ამ ინიციატივის გადახედვას, რადგან მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა დაზარალდება.
ინიციატივის წარდგენასთან ერთად გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება იმის თაობაზ, თუ რატომ გახდა ქვეყანაში ყველაზე აქტუალური პრობლემა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების არსებობა. „მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა კრიტიკულად იზრდება. მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ჟენევის კონვენციით, ჩვენ გვაქვს ვალდებულება აღებული და შესაბამისად, ვიცავთ მას. ქვეყანა მარცხენასაჭიანი ავტომობილების მოძრაობაზეა გათვლილი და ინფრასტრუქტურაც შესაბამისადაა მოწყობილი“, – აცხადებს თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, ცვლილება იმ ავტომობილებსაც შეეხება, რომლებსაც საჭე კუსტარულად აქვთ გადატანილი.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების სამომავლო რეგისტრაციიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა ავტომრბოლელმა მევლუდ მელაძემ.
“მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე ჩვენი (შსს, არასამთავრობოები, სპეციალისტები და სხვა) შეხედულებები რამდენიმე საკითხში გაიყო (განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ ვეთანხმები მარჯვენა საჭიანების რეგისტრაციის სრულ აკრძალვას), ვფიქრობ კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა რაღაც ფორმით მაინც დაიწყო და ვიმედოვნებ პროგრამაში გათვალისწინებულია მომავალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა,“ – წერს მელაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ასევე იგი აცხადებს, რომ მიესალმება პროგრამის ფარგლებში საგზაო მონიშვნების და საგზაო ნიშნების სასწრაფო წესით გაკეთებას და არსებულების კორექტირებას.
„თბილისი თაიმსი„ ავტოსადილერო კომპანია – „Strada Auto center-ს” დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა მხოლოდ მცირე კომენტარის გაკეთება ისურვა და ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
კომპანიის მენეჯერი გიორგი ღლონტი: „ავტომობილებზე ფასების ცვლილება არ ფიქსირდება, ამ ეტაპზე მოთხოვნაც ნარჩუნდება. შსს–ის ინიციატივა უარყოფითად აისახება იმ კომანიებზე, რომელთა შემოსავლის წყაროს ეს მიმართულება წარმოადგენდა.“
„თბილისი თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა ავტო იმპორტიორ კომპანია – „Autocom Japan-ს“.
„Autocom Japan-ის“ გაყიდვების მენეჯერი ბექა დიასამიძე: „შექმნილმა სიტუაციამ დააზარალა, როგორც მომხმარებელი ასევე კომპანიები. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ადგილზე ჩამოყვანილ მანქანზე ამბობს უარს, რადგან მოსახლეობა შეშინებულია ახალი რეფორმის გამო, ამიტომ ფერხდება კომპანიის მუშაობა და დიდ ზარალსაც ვნახულობთ. დღესდღეობით დაახლებით 7 000-მდე ადამიანია დაკავებული მსგავსი ბიზნესით. პრობლემა შეექმნა ყველა კომპანიას გარდა იმ კომპანიებისა, რომლებიც ამერიკის ბაზარზე მუშაობენ. მათთვის ხელსაყრელიცაა მსგავსი სიტუაცია. პირადად ჩემი გაყიდული მანქანების პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ იაპონური მანქანების ფასები 1100 დოლარიდან იწყება. 2 000-3 000 დოლარად შეგიძლია იყიდო ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი ახალი მანქანა, რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს ამ ფასად დაახლოებით 20 წლის ან უფრო მეტი ასაკის მანქანის ყიდვას შეძლებ, ეს კი, დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. განბაჟების დაბეგვრის შემთხვევაში კი უკვე იტყვიან, რომ მხოლოდ ახალი მანქანები უნდა შემოიყვანონ. ნელ–ნელა მარჯვენასაჭიანი მანქანების ფასიც იზრდება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც იაპონური მანქანები უფრო მისაღებია , რადგან გაცილებით ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, ამასთანავე უფრო გამართულებიც არიან,“ – ბექა დიასამიძე.
ჩვენ დავინტერესდით იმ მოქალაქეების მოსაზრებით, რომლებიც ახალ ინიციატივას აპროტესტებდნენ აქციებზე.
თბილისში ორი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, სადაც ჯამმში 3000-მდე ავტომობილი იყო მობილიზებული. ძირითადი მოთხოვნა იყო იმ კონკრეტული პუნქტის გაუქმება რომლითაც განბაჟება იკრძალება. აქციები მიმდინარეობა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ფოტში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში და სხვა ქალაქებში.
„შ.ს.ს–ს ახალი ინიციატივების პაკეტი, ზოგადად მისასალმებელია. ძირიდათად საუბარია მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, მაგრამ არის კონკრეტული პუნქტები რომლებიც არანაირ კავშირში არ არის ჩვენს უსაფრთხოებასთან, ერთ–ერთი ასეთი პუნქტი არის მარჯვენა საჭიანი ავტომობილების გამბაჟების აკრძალვა, მოგეხსენებათ ასეთი ავტომობილების 90 %-ის შემოდინება ხდება იაპონიიდან, იაპონური ავტომობილები არის ბევრად იაფი, ეკოლოგიურად სუფთა და წლოვანებით ახალგაზრდა, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ კანონს, ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ტენდენცია, რომ ევროპიდან და ამერიკიდან დაიწყება ბევრად ძველი და გაუმართავი ავტომობილების შემოდინება, რადგან ახალი ავტომობილების ფასი სოციალურად დაბალი ფენისთვის არ არის მისაწვდომი და რა თქმა უნდა ეს არათუ გაახლებს ავტოპარკს არამედ პირიქით,“ – აცხადებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მომხრეთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრი გურამ ზურაბაშვილი.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა სადაც საუბარია საკუთრების, მისი შეძენის და განკარგვის უფლების გაუქმებაზე. თუ მოქალაქეებს არ მიეცემა საშუალება დაარეგისტრირონ მათ მიერ შეძენილი ავტომობილი პირდაპირ დაირღვევა კონსტიტუციური უფლება.
მარიამ ფანჩულიძე