დედაქალაქის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ორგანიზებით, საკრებულოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა, სადაც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს.
ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სულ საოჯახო ტექნიკას(სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა) დღეის მდგომარეობით 185 ოჯახი მიიღებს, თუმცა, რეგისტრაცია დამატებით კიდევ იმ ოჯახებმა გაიარეს, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში ამ დრომდე არ იყვნენ რეგისტრირებულნი. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ეს პროცესი კვლავ გრძელდება და შესაბამისად, რეგისტრაციის დასრულებისთანავე, საყოფაცხოვრებო ტექნიკა აღნიშნულ ბაზაში მოგვიანებით დარეგისტრირებულ ოჯახებსაც გადაეცემათ. ,,დღეს საკრებულოდან თბილისში ფაქტიური მისამართის მქონე 18 დაზარალებულმა პირს საგარანტიო წერილისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მაცივარი გადავეცით. მოგეხსენებათ, ისეთ ტექნიკას, როგორსაც სარეცხი მანქანა და გაზქურა წარმოადგენს,ადგილზე მონტაჟი ესაჭიროება. თბილისში ფაქტიური მისამართის მქონე 82 ოჯახს მათთვის სასურველ ტექნიკას საგარანტიო წერილის საფუძველზე დღესვე მიუტანენ და ადგილზე დაუმონტაჟებენ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა და აღნიშნა, რომ შემოერთებულ ტერიტორიებზე, კერძოდ წყნეთსა და ახალდაბაში მცხოვრები ოჯახები საყოფაცხოვრებო ტექნიკით უახლოეს დღეებში იქნებიან უზრუნველყოფილნი.
დეპუტატმა სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, საქველმოქმედი აქციაში ჩართულ დონორ ორგანიზაციებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას სტიქიით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით დახმარებას კვლავაც დაჰპირდა. მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე მიესალმა.
გიორგი ალიბეგაშვილმა სტიქიის დღეები გაიხსენა და დაზარალებულთა ოჯახების დახმარების მიზნით დედაქალაქის მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების თაობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სტიქიის შედეგების საბოლოო ლიკვიდაციისთვის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ძალ-ღონეს არ დაიშურებს. საქველმოქმედო ღონისძიებას აღნიშნული აქციის მხარდამჭერნი – საერთაშორისო ასოციაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე და ამერიკული დონორი ორგანიზაციის “უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ფონდი საქართველოში” წარმომადგენლები საქართველოში პეთ და ქორლა მაქფარლენები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და წარმომადგენლობითი ორგანს წევრები გოჩა ბაბუნაშვილი და ვლადიმერ ძნელაძე ესწრებოდნენ.