საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის „ფეისბუკ“ გვერძე გავრცელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, დაბა შაუმიანში მდებარე, შაუმიანის სამნავიანი ეკლესიის სურათები, რომელზეც კარგად ჩანს თუ როგორ მდგომარეობაშია დღეს საბჭოთა პერიოდში „სოფლის კლუბად“ გადაკეთებული ტაძარი.
„სამწუხაროდ აქ დღემდეა შემორჩენილი ტაძარზე გარედან მიშენებული სალარო და ძველი საპირფარეშო. ხოლო შიდა ინტერიერში ვხვდებით სცენას და პარტერსა და ლოჟაში დამონტაჟებულ სავარძლებს. ეკლესია ამჟამად დაკეტილია. იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი და იმის მიუხედავად, აღნიშნული ტაძარი მართლმადიდებლურია, თუ გრიგორიანული იგი თანაბარი ზრუნვის ღირსია, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან.“ -ასე აღწერს პოსტის ავტორი ტაძრის მდგომარეობას.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა, თუ რატომ არ მოხდა ამ დრომდე ტაძრის გარე მიშენებების დემონტაჟი და იგეგმება თუ არა სამომავლოდ მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება. დავუკავშირდი საქართველოს კულტურული მემეკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
გაირკვა, რომ 1872 წელს აშენებულ შაუმიანს სამნავიან ეკლესიას კულტურული მემეკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2015 წლის 15 დეკემბრის #2/364 ბრძანებით.
ნაგებობა კულტურული მემეკვიდრეობის თავლასაზრისით ღირებულ ძეგლს წაროადგენს. იგი ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი XIX საუკუნის ტიპიური ნამუშევარია. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადზე რელიეფური ჯვრებია გამოსახული, ხოლო დასავლეთ ფასადზე ხელის მტევანი გონიოთი. ფასადი მოპირკეთებულია მოწითალო და მომწვანო ფერის ტუფით. ტაძარი აღმოსავლეთით შვერილი აბსიდითაა დასრულებული.
როგორც სააგენტოდან გვაცნობეს მოცემულ ეტაპზე ტაძარზე მინაშენის მოხსნის საკითხი არ განიხილება, რადგან სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას 2016 წელს განახორციელოს ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„მინაშენის დემონტაჟის საკითხი, როგორც წესი დაუყოვნებლივ იხილება იმ შემთხვევაში თუ მიშენება უკანონოდ განხორციელდა ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტზე. ვინაიდან ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა არსებული მინაშენიანად, მისი მოხსნის საკითხი განხილული იქნება მხოლოდ ძეგლის რეკონსტრუქციის ან რესტავრაციის ფარგლებში, მას შემდეგ რაც მომზადდება ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია. ამასთან, ძეგლის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სააგენტო კულტურული მემეკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ახორციელებს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომლის შემუშავება ხდება წინა წელს და მტკიცდება კალენდარული წლის დასაწყისში, რის გამოც სააგნეტო მოკლებულია შესაძლებლობას 2016 წელს განახორციელოს ზემოაღნიშნული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.“ -აღნიშნავს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ოფიციალურ წერილში, რომლიც სააგენტოსგან მივიღე.
ასევე, კულტურული მემეკვიდრეობის დაცვის სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას საჭირო სახსრების მოძიების შემთხვევაში, ითანამშრომლოს ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის კვალიფიციურად შედგენასა და მის საფუძველზე შესაბამისი ნებართვის გაცემის საკითხში.
სოფიკო ნინიკაშვილი