ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მოსახლეობის ნაწილი საახალწლო სუფრის მზადების პროცესშია გართული. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ხალხის ნაკადი არ წყდება ბაზრებსა თუ სხვადასხვა სასურსათო მაღაზიაში. პროდეუქტების ფასები კი, უმეტესწილად, იმატებს და მყიდველების ბიუჯეტშიც გაუთვალისწინებელი ხარჯები იჩენს თავს.
,,თბილისი თაიმსი“ შეეცადა გაერკვია რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში პროდუქტებზე დაწესებული ფასები ხშირად საგრძნობლად განსხვავდება, ვეცადეთ, საშუალო ღირებულება დაგვეანგარიშებინა.
ტრადიციული სუფრა წარმოუდგენელია გოჭის გარეშე. ფასები 70-ლარიდან 120-ლარამდე მერყეობს, გააჩნია, გოჭის წონას და იმას, თუ სად ყიდულობთ. თუმცა, შეგიძლიათ, გოჭის ხორცი წონით შეიძინოთ, კილოგრამი დაახლოებით 16-18 ლარი დაგიჯდებათ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ფასებმა საგრძნობლად მოიმატოს.
რაც შეეხება ინდაურს – აქაც საგრძნობლად განსხვავდება ფასები სუპერმარკეტებსა და ბაზრებში. ბაზრებში ინდაურის ფასი 55-დან 70-ლარამდე მერყეობს, როდესაც სუპერმარკეტებში მათი ფასი ბევრად დაბალია. როგორც ბაზრის გამყიდველები ამბობენ, ამის მიზეზი ისაა, რომ მათი პროდუქტი ნატურალურია, ხოლო მაღაზიებში გამოტანილი ხორცის უმეტესობა არაა ნატურალური.
საცივისთვის ან გოზინაყისთვის ნიგვზის ყიდვა თუ მოგიწიათ, ფასები 23-დან 26-ლარამდე მერყეობს, თუმცა ღირებულების ზრდა არაა გამორიცხული.
აღსანიშნავია, რომ მაიმუნის წელმა ბანანის ფასზე მოახდინა გავლენა და თუ 1 თვის წინ ბანანს 60 თეთრად შეიძენდით, ახლა 80 თეთრზე ნაკლებად ვერ ნახავთ. სხვა ხილის ფასი დიდად არ შეცვლილა და ხილის სუფრა საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ.
მანდარინის ფასი 1,5 – 2 ლარია, ფორთოხლის – 2-2,5 ლარი, ერთი ცალი ქოქოსი – 2.5 ლარი ღირს.
შოკოლადს სხვადასხვა ფასიანსა და ხარისხისას ნახავთ. ძირითადად, 1 კგ-ის ფასები 10-ლარიდან იწყება და 15-ლარამდე აღწევს.
საახალწლო სუფრის უცვლელ კომპონენტს – შამპანიურს 7-15 ლარში შეიძენთ.
საბოლოო ჯამში, ტრადიციული ქართული სუფრა, დაახლოებით, 250 ლარი დაგიჯდებათ.
ნატალია ჯალაღონია