ჩევნი საზოგადოება ერთ ხმად აღიარებს, რომ წლის მთავარი, დადებითი მოვლენა ვიზალიბერალიზაციაა. მეც, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ შეხედულებას და მიხარია საქართველოს წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ. როცა ჩემ ირგვლივ ამ თემაზე იწყება საუბარი, პირველ რიგში, უმეტესობა (თუ არა ყველა) საქართველოდან წასვლის შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამას მეც მივესალმები, რადგან, უვიზო რეჟიმი ბიზნესმენებს, ინვესტორებს, ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ საზღვარგარეთ განათლების მიღება, შესაძლებლობას მისცემს ბევრად ადვილად მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. თუმცა, ჩემი სუბიექტური შეხედულებით, ჩვენთვის არანაკლებ (თუ ყველაზე მეტად არა) მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და წინსვლა. ამიტომ, ამ სტატიაში გადავწყვიტე ყურადღება გამემახვილებინა ვიზალიბერალიზაციის ზოგად ზეგავლენაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე,რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მივიღოთ ამ შეთანხმებით. იმ დადებით და უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენს ევროპასთან დაახლოებას მოჰყვეს, რათა რაც შეიძლება ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს მომავალ ცვლილებებზე. ვიზალიბერალიზაცია, თავისთავად გამოიწვევს ბაზრის გაფართოებას და მომხმარებელთა ზრდას მრავალი დიდი თუ მცირე საწარმოსთვის. ეს კი გაზრდის შემოსავლებს და, საბოლოოდ, ეკონომიკურ კეთილდღეობას, თუმცა, საინტერესოა, რამდენად არიან მზად საქართველოში არსებული მცირე საწარმოები უპასუხონ გაზრდილ მოთხოვნილებებს და ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებს. „თბილისი თაიმსი“ ამ საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრა აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს, ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარს, ასისტენტ – პროფესორ გიორგი მიქანაძეს და თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის წევრ გიორგი ომანაძეს:
აკადემიკოსი:
“ზოგადი პროგნოზი დადებითია. ეკონომიკური სარგებელი გამოიხატება ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდაში. კერძოდ, გაიზრდება: ჩვენს ქვეყანაში შედარებით იაფი სამუშაო ძალის გამოყენებით დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქციის ექსპორტი, როგორც ევროკავშირის, ასევე, მეზობელ ქვეყნებში; საქართველოზე გავლით აზია-ევროპის სატრანსპორტო კორიდორის (ნავთობ-გაზსადენები, სარკინიგზო მიმოსვლა.) შედეგიანობა; ქართულ ბიზნეს შეეძლება ევროვაშირში ფუნქციონერება; ევროკავშირი ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს და სხვ.
ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე ევროკავშირთან ღრმა ინტეგრაციას ვერ მოვახდენთ.
დადებითი მომენტებიდან შეიძლება გამოიყოს:
პირველი, ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზება, რომელიც პირდაპირკავშირშია ადგილობრივი პროდუქტის ხარისხის ზრდასთან;
მეორე, მაღალხარისხიანი სამამულო პროდუქციის ექსპორტის ზრდით მოსახლეობა დამატებით შემოსავლებს მიიღებს, რაც წაახალისებს მოთხოვნას, წარმოებას და ა.შ.;
მესამე, იქმნება ევროკავშირში სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობა და სხვ.
უარყოფითი მომენტებიდან შეიძლება გამოვყოთ:
პირველი, ამჯერად საქართველო მზად არ არის სრულად ისარგებლოს ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის, მათ შორის შეღავათიანი ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებით -ამას გარკვეული დრო და დაძაბული მუშაობა სჭირდება;
მეორე, ვიზალიბერალიზაციამ შეიძლება განაპირობოს ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადინება უცხოეთში, რაც რაც კიდევ უფრო შეამცირებს ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობას;
მესამე, ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალ ეკონომიკურ კონკურენციაში ამ ეტაპზე სუსტნი ვართ და სხვ.
ევროკავშირს, უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტი, მიწისქვეშა არტეზიული სასმელი წყალი, სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია უნდა მივაწოდოთ. ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ რესურსებზე დამყარებული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული განვითარებით. თავის მხრივ, „აბრეშუმის გზის“ პროექტის ამოქმედება მკვეთრად გაზრდის სარკინიგზო, საზღვაო, მილსადენების სექტორების მდიდარ პოტენციურ შესაძლებლობებს.
მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე ქვეყანაში საშუალო ფენა ვერ ჩამოყალიბდება. ცხადია, უცხოურ ფირმებთან კონკურენცია რთულია და ქვეყანაში უნდა შემუშავდეს მცირე ბიზნესის განვითარების სპეციალური ქმედითი პროგრამა.
ამასთან, ევროვავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებამ არ უნდა გამორიცხოს უახლოეს მეზობელ ქვეყნებთან სარგებლიანი ურთიერთობების გამოყენების შესაძლებლობანი.“
ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ – პროფესორი:
„როგორც მოგეხსენებათ, უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგელის ზონის ტერიტორიაზე, 30 წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზეა საუბარი. ჯამში 30 ქვეყანა ეს არის წევრი ქვეყნები, კანდიდატები და არაწევრი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ცალსახად დადებითი ფაქტია და შეიძლება საუკუნის მოვლენადაც ჩაითვალოს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა გავართვათ თავი. რაც შეეხება ეკონომიკურ თვალსაზრისს მე უფრო სხვანაირ ანალიზს გავაკეთებდი ვიდრე ამ საკითხებთან დაკავშირებით ისმის ხოლმე. მთავარ ფაქტორად ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასახელებენ ბიზნეს ურთიერთობების გამარტივებას. რომ საქმიან ადამიანებს ნაკლები დაბრკოლება ექნებათ ევროპელ საქმოსნებთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. ვფიქრობ, საქამიან ქართველებს ვინც მომავალში ამ ურთიერთობებს დაამყარებს, არც ახლა არ უჭირთ ამ ურთიერთობების დამყარება და ეს ნაკლები დაბრკოლებაა. ვფიქრობ, ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ე.წ. DCFTA. ეს გახლავთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების მოიცავს. სწორედ ის შეეხება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს და ჩვენთვის განმსაზღვრელია ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნის თვალსაზრისით. ამ მხრივ ჩვენთან რიგი რეფორმები გატარდა და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. არ შეიძლება საუბარი, რომ ევროპული ბაზარი წაგვლეკავს და არ ვართ მზად და ა.შ. ევროპისთვის მინდა გითხრათ, რომ ძალიან მცირეა ქართული ბაზარი. პირიქით მუშაობა მოგვიწევს რიგ კომპანიებთან, რომ დავაინტერესოთ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე და მიაწოდონ მომხმარებლებს პროდუქია. მეორეს მხრივ ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და აისახება ქვეყნის ეკონომიკაში. აუცილებლად უნდა ავწიოთ სტანდარტები და დიახ უნდა დავირაზმოთ ყველა, რომ ეს ისტორიული შანსი და გამოწვევა მივიღოთ ღირსეულად და გავართვათ თავი. თუმცა, ჩვენ საუბარი თუ გვაქვს კონრეტულად ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე, რაც ამ ბოლო დროს მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტია ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, აქაც ვხედავ მე ეკონომიკურ სარგებელს და ზოგადად ეს თემები ერთმანეთზე გადაბმული, ურთიერთდამოკიდებულია. ვიზალიბერალიზაციის მიღება საქართველოსთვის, ეს იქნება გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ბევრ საკითხში აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს, ან რომ სწრაფად ვვითარდებით და ჩვენთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება ნამდვილად ღირს.
ჩვენთან შესაძლებელია თანამედროვე ბიზნეს-ურთიერთობების დამყარება, ქვეყნის იმიჯსა და პრესტიჟს საქმიანი მსოფლიოს თვალში არამც თუ გააორმაგებს ან გააათმაგებს, არამედ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში გადაიყვანს საქმიან საქართველოს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ გამოწვევას უნდა გავართვათ თავი. მსოფლიოს მასშტაბით კარგი გზავნილი იქნება ტურისტებისთვის, კიდევ უფრო გაზრდის მჭირდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს როგორც ევროკავშირის, ისე მსოფლიოს სხვა წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან, მაგალითად იგივე აზიური ვეფხვების თუ სხვა სახელმწიფოების. თუმცა, ბევრი რამ იქნება ჩვენსზე, ჩვენს მთავრობაზე და საზოგადოებაზე დამოკიდებული. ჩვენ არავინ არ გვერჩის არავინ არ შეეცდება ჩვენს გაფუჭებას, ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ჩვენი პროფესიონალიზმით და მონდომებით უნდა შევძლოთ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს ავუწყოთ ფეხი, მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავს. ეს იქნება მენეჯმენტის სტანდარტები, ეს იქნება ტექნოლოგია და წარმოებული პროდუქციის ხარისხი, მომხარურების ხარისხი, კრიზისული სიტუაციების მართვა და ა.შ.
სამი ფაქტორის ასე დალაგება ალბათ გამიჭირდება თუმცა შევეცდები მეორე მხარესაც შევეხო უფრო კონკრეტულად. დადებით მხარეებზე ზემოთ ვისაუბრე. თუმცა ვსაუბრობდი ასევე გამოწვევებზე, რომელსაც აუცილებლად უნდა გავართვათ თავი. ბალტიისპირეთის ქვეყნებში სერიოზული პრობლემა დადგა ახალგაზრდა კვალიფიციური მუშა ხელის. ყველა კარგი კადრი ცენტრაური ევროპისკენ მიიწევდა ვინაიდან იქ უფრო გამართული იყო სისტემა ეკონომიკური თვალსაზრისით, ანაზღაურებაც მეტი იყო და სტაბილური სამუშაო პირობებიც იქ უფრო მიმზიდველი იყო კვალიფიციური მუშა-ხელისთვის. შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება შემდგომში ეკონომიკაზეც როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროში, ტურიზმში. საკმაოდ რთულია ხელოვანს საზღვრების არ არსებობის პირობებში დაუშალო უკეთეს ადგილზე შექმნას თავისი შემოქმედება. ამ ფაქტორებს თუ არ გავითვალისწინებთ, მართალია ქალაქებში იგრძნობა სიტუაციის გამოსწორება თუმცა, სოფლები საკმაოდ რთულ ვითარებაშია და ა.შ. შეიძლება ეს პირდაპირი თვალსაზრისით არ აისახება ეკონომიკაზე, თუმცა თუ კომპლექსურად მივუდგებით ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. როგორც დარგის სპეციალისტები აფასებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში არსებულ ვითარებას, კარგი მუშაობის პირობებში წლები სჭირდება და ათწლეულებიც კი, რომ მდგომარეობა გამოთანაბრდეს სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან. თუმცა, ჩვენს შემთხვევაზე, რომ გადმოვიტანოთ საუბარი, ეს არგუმენტები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დამაბრკოლებელ ფაქტორად განიხილებოდეს ევრკოავშირთან ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. პირიქით ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების მაგალითები აუცილებელად უნდა შევისწავლოთ და გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი. ამიტომ, ისევ გავიმეორებ, თუ ამ ფაქტს მომზადებული შევხვდებით და ყველა ერთად მოვინდომებთ მთავრობა და საზოგადოება. ჩვენ შეიძლება პრეცედენტული ქვეყანაც კი აღმოვჩნდეთ წარმატებული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამის ამბიცია რომ გქვრონდეს, – უფლება ნამდვილად გვაქვს.”
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის წევრი:
“ვიზალიბერალიზაცია ცალსახად დადებითი მოვლენაა, რომელიც ახალ სტიმულს მისცემს ჩვენს ეკონომიკას და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება ქართველი მეწარმეებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეთანხმება პირდაპირი მანიშნებელია საქართველოს, როგორც ევროპული კულტურის მქონე, სტაბილური ქვეყნის წარმოსაჩენად, რაც აუცილებლად განაპირობებს უცხოელი ინვესტორების ინტერესის ზრდას როგორც ევროკავშირის წევრებისგან, ასევე ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისგან. ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაციიდან ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება ბიზნეს ვიზიტებისას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რაც მოუხსნის ჩვენს ბიზნესმენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბარიერს, მოიძიონ ახალი კავშირები.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს სრულ უვიზო რეჟიმს, რაც ასევე არ მოიცავს გრძელვადიან სასწავლო და სამუშაო ვიზებს. ძნელია აღნიშნული შეთანხმებიდან უარყოფითი ეფექტები ეძიო, თუმცა მინიმალურ დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია განაპირობებს სამუშაო ძალის არალეგალურ გადინებას, ასევე ადგილობრივ ტურიზმს გამოუჩნდება დამატებითი კონკურენტები, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვან უარყოფით ეფექტებს გამოიწყევს. რა თქმა უნდა ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება, რადგან გაიზრდება საქართველოს სტაბილურობის და სანდოობის ხარისხი, რაც დამატებით სტიმულს მისცემს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, გაიზრდება ფულადი გზავნილების წილი, ასევე ადგილობრივი მეწარმეებისთვის გამოჩნდება დამატებითი შესაძლებლობები უცხოელი პარტნიორების მოძიების კუთხით.
ევროკავშირში გაწევრიანება სტიმულს მისცემს განათლების სისტემას, რაც მნიშვნელოვანი იქნება შედარებითი კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, რადგან აღნიშნული ეკონომიკური სისტემის წევრობიდან წამოსული ახალი გამოწვევები ადგილობრივი მეწარმეებისთვის აუცილებლად გააჩენს მოთხოვნას კვალიფიციურ კადრებზე. ამასთანავე მნიშვნელოვანი იქნება საკვები პროდუქტების ბაზრის განვითარება, რაშიც მიმდინარედ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, რაც თავის მხრივ სოფლის მეურნეობის განვითარების მოთხოვნას გააჩენს. ვფიქრობ გაწევრიანების პირველ ეტაპზე ზემოთ აღნიშნული სფეროები იქნება მნიშვლელოვანი როგორც ადგილობრივი ბაზრის ასათვისებლად, ასევე რეალური ექსპორტის გასაზრდელად და უმუშევრობის დონის შესამცირებლად. მცირე ბიზნესის საფრთხეებთან დაკავშირებით, ვფიქრობ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რადგან საქართველო, ბაზრის სიმცირიდან და მსყიდველობითუნარიანობიდან გამომდინარე, ვერ გახდება მიმზიდველი ევროპის მსხვილი კომპანიებისთვის, ამასთანავე ევროპულ კომპანიებს ბარიერი მიმდინარედაც არ აქვთ საკუთარი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებაში. მეორეს მხრივ, თუ დავუშვებთ, რომ მცირე ბიზნესის ადგილობრივი კონკურენტები ორიენტირებულები გახდებიან ექსპორტზე, რაც აუცილებლად ასე უნდა იყოს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მცირე ბიზნესს საქართველოში გამოუჩნდება დამატებითი შესაძლებლობები ადგილობრივ ბაზარზე.”
მარიამ ტაკაშვილი