2014 წლის 30 დეკემბერი იყო. გარემო სიცივეს დაეპყრო, განწყობა-ახალი წლის სურნელს. მე მოხალისე მერქვა და ფიფქიას ფორმაში გამოწყობილი დედაქალაქის ქუჩებში ტკბილეულს ვურიგებდი გამვლელებს, ძირითადად პატარებს. აქა-იქ მოხუცებიც დადიოდნენ და დათვის ფორმის ორცხობილების დანახვაზე თვალები უბრწყინდებოდათ.
ვფიქრობ, მხოლოდ ასეთ მოხუცებს შეუძლიათ ისეთი გულწრფელი დალოცვა, ნაჩუქარ შოკოლადებზე ბევრად მეტად რომ დაგიტკბობს დღესასწაულს. ვგრძნობდი, თანდათან
როგორ ედებოდა სხეულს ბედნიერების გრძნობა, დიდი ციმციმა ავტობუსი, საახალწლო სიმღერები, ბუშტები, შოკოლადები, თოვლის ბაბუა, ყინულის დედოფალი… სრულყოფილი დღესასწაულის შესაქმნელად ყველანაირი პირობა გვქონდა.
„ – შემდეგი ლოკაცია „თავისუფლების მოედანი“. მობილიზდით ყველანი!“ – მოგვიწოდა კლუბის ხელმძღვანელმა. მოხალისეები სიმღერების ფონზე ურიგებდნენ ლამაზბაფთიან პატარებს ტკბილეულს, სწორედ იმ პაწაწინა არსებებს კინოდან, თეატრებიდან, კაფეებიდან რომ გამოჰყავდათ დედებსა და მამებს ხელჩაკიდებულნი.ზოგიერთიდამატებით კიდევ ითხოვდა შოკოლადს და ტუჩის კიდეებს ილოკავდა ახლის მოლოდინში.
11 საათი იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა სწორედ მაშინ ისინი, რომ გამოჩნდნენ…
ისინი, სრულიად თავისუფალი საკუთარ თავს მინდობილი ხელებით, ისინი,რომელთა მაჯებს მშობლის ხელები არ ამაგრებდა, ვისაც თეატრი და კინო მხოლოდ გარედან უნახავთ. მოვიდნენ ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობდნენ და ახალი წლის ღამეს თავი შეგვახსენეს,ვინაიდან არცერთ ჩვენგანს არ გახსენებია მათი არსებობა. მათაც დავურიგეთ ტკბილეული და, სინდისთან ერთად, სახეებიც დაგვიმშვიდდა. წასვლას ვაპირებდით, კიდევ რომ მთხოვეს. რაც ჩემს ხურჯინში ტკბილეული მქონდა, სულ დავურიგე. ისეთი სისწრაფით მართმევდნენ, შემეშინდა კიდეც, ხელი არ წაეცალათ. მათი ყურება სულაც არ იყო ისეთი სასიამოვნო,როგორიც დაბანილ-დავარცხნილი გოგო-ბიჭების, ვერიდებოდითახლოს დგომას, უხერხულობას ვგრძნობდით მათი ყურებისას.საკუთარ თავს მიბარებული ბავშვები იქცეოდნენ ისე, თითქოს,ცხოვრებას სანუკვარი ნაყოფი გამოაცალეს ქურდულად და ახლა ჩქარობდნენ,მოესწროთ შეჭმა. სწორედ ამ დროს მოხალისეთა ხელმძღვანელი მომიახლოვდა და ხმამაღალი ტონითა და მკაცრი ხმით მითხრა: „რას აკეთებ, ესენი კი აღარ მოგვშორდებიან, სულ დაურიგე ბარემ!“, – თვალები ამიწყლიანდა და აუცილებლად ავტირდებოდი,ასეთი რამ რომ არ მომხდარიყო: დავიწყებულ ბავშვთაგან ერთ-ერთი ჩვენ შორის ჩადგა. „აჰა, აიღე ეს შოკოლადები, არ გვინდა.აჰა შენი იყოს, ოღონდ ამას ნუ ეჩხუბები. აიღე, მიდი“,-სულ 5-6 წლის იქნებოდა.
ბავშვმა, რომლის მიმართაც არავის გამოუჩენია მზრუნველობა, იმ დროს დამიცვა, როდესაც ყველაზე უსუსურად ვიგრძენი თავი. ხელმძღვანელი სასწრაფოდ გაგვშორდა, მაგრამ რეალობა, რომელიც სრულიად მოულოდნელად დადგა ჩემ წინაშე ასეთი იყო: ერთ მხარეს მე და დავიწყებული ბავშვები და მეორე მხარეს ჩემი ხელმძღვანელი. ამას კი ვეღარ შევცვლიდი. ვბრაზობდი იმ ადამიანზე, რომელმაც უხეშად მომმართა,ვბრაზობდი დანარჩენ მოხალისეებზე, რომლებიც გაჩუმდნენ და არაფერი თქვეს. თავადაც რამდენჯერ გავჩუმებულვარ, როდესაც ამ ბავშვების მიმართ სხვების ირონიული დამოკიდებულება შემიმჩნევიადა ახლა ყოველი ჩემი სიჩუმე ერთად აყვირდა გონებაში.ფიქრი შევწყვიტე, საკუთარმა თავმა შემაშინა. იმ ღამეს დღესასწაული სხვა ადგილებშიც გაგრძელდა. იყო ტელევიზიები, კამერები, ინტერვიუები, გაშუქებული სიუჟეტები… ჩვენ ვახარებდით ლამაზად ჩაცმულ პატარებს და ვივიწყებდით მათ, ვისაც ჩვენი დახმრება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
ახლა 2015 წლის დეკემბერია მალე ისევ ახალი წელი მოვა.თბილ სახლში გემრიელი კერძებით კიდევ ერთ წელს გავაცილებთ. მოხალისეები აუცილებლად გავლენ ქუჩებში ადამიანების გასახარებლად. ვაკვირდები ცხოვრებას და, ვფიქრობ, ნეტავ ამ წელს ვინმეს თუ გაახსენდება უჩინარი ბავშვები?
ნანუკა მაღლაკელიძე