ვილნიუსის მერიამ უარით გაისტუმრა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც ივლისის ბოლოს გედიმინასის ცენტრალურ პროსპექტზე აღლუმის ჩატარება სურდათ. მერიამ თავისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების მომიზეზებით გაამართლა.
მსვლელობის ორგანიზატორებმა, რომლებმაც ერთი სასამართლო უკვე მოიგეს, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებენ.
“ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ მიიღო გადაწყვეტილება არ შეთანხმებულიყო გეი-შეკრების ადგილზე, დროსა და ფორმაზე”, – განუცხადა ჟურნალისტებს მერიის ქალაქის უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იულიუს მორკუნასმა მსვლელობის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ.
კანონის თანახმად, მიტინგები და პიკეტები არ შეიძლება ჩატარდეს სახელმწიფო დაწესებულებებიდან 25 მეტრზე ახლოს, ხოლო სასამართლო დაწესებულებებთან 75 მეტრზე ახლოს. პროსპექტზე კი იმყოფება რამოდენიმე სამინისტრო და სასამართლო.
“თანასწორობისთვის” მებრძოლმა გეი-აქტივისტებმა განაცხადეს, რომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას.
ლიტვის გეების ლიგის მეთაურმა ვლადიმერ სიმონკომ განაცხადა: “ამ გადაწყვეტილებას სხვას ვერაფერს უწოდებ თუ არა გეგმის ჩაშლას. ასევე შეგახსენებთ, რომ ახლოვდება ლიტვის თავმჯდომარეობის დრო ევროკავშირის საბჭოში, და ვფიქრობ, ძალზედ ძნელი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ არის ლიტვა ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არსებობს ამგვარი პრობლემა გეი-აღლუმებთან დაკავშირებით”.
გეი-აღლუმი ვილნიუსში დაგეგმილი იყო 27 ივლისს.
10.07.13