ახალი წლიდან ქვეყნის მასშტაბით თამბაქოს ნაწარმი საგრძნობლად, თითქმის სამმაგად, გაძვირდა.
ფასების ცვლილება სადისტრიბუციო კომპანია „ომეგას“ მიერ შემოტანილ სიგარეტებზე აისახა. შეცვლილია „პარლამენტის“, „მარლბოროს“, „ჩესტერფილდისა“ და „ელ ემის“ ღირებულება.
„თბილისი თაიმსი“ შეეცადა დაკავშირებოდა კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს. ოფისში კომპანიის თანამშრომელმა განგვიცხადა, რომ სადისტრიბუციო კომპანია „ომეგა“ კომენტარს, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს, რადგან თანამშრომლები 14 იანვრამდე შვებულებაში არიან.
სხვა სავაჭრო ობიექტების ინფორმაციით „ომეგას“ დისტრიბუტორებს ნაწარმი მათთან უკვე ერთი თვის განმავლობაში არ შეუტანიათ.
ფასების გაძვირების მიზეზთან დაკავშირებით, ორი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, მიზეზი სავაჭრო ქსელში პროდუქციის დეფიციტია, რომელიც სავარაუდოდ, „ფილიპ მორის“ მიერ, კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ თანამშრომლობის შეწყვეტამ გამოიწვია.
მეორე მოსაზრებით, სახელმწიფოს მხრიდან, აქციზის გადასახადის გაძვირებამ ფასები ავტომატურად აწია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვახტან ლაშქარაძის განმართებით, ზოგიერთი სიგარეტის გაძვირება აქციზის ფასის ზრდას არ უკავშირდება და მიწოდება-მოთხოვნის დისბალანსით არის გამოწვეული:
„2016 წლის 1-ლი იანვრიდან, სიფარეტის ნაწარმზე აქციზი გაიზარდა 20 თეთრით, ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სიგარეტს და მისი საბაზრო ღირებულების 5%-ით. გამორიცხულია სიგარეტის ფასის ორმაგი ან სამმაგი ზრდა გამოწვეული იყოს აქციზის გამო. ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეულია მოწოდება-მოთხოვნის დისბალანსით,“- აცხადებს ლაშქარაძე.
რაც შეეხება სხვა სადისტრიბუციო კომპანიებს, კომპანია „ბი და ჯის“ ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, რომელთაც საქართველოში „გალუაზი“, „დავიდოვი“ და „ემ ემი“ შემოაქვთ, სიგარეტის გაძვირებას არ გამორიცხავენ. მათი თქმით, ფასები გაიზრდება სახელმწიფო აქციზის ფასის ცვლილების მიხედვით.
ნათია კეკენაძე