გაბრიელ გარსია მარკესი თავის პუბლიცისტურ ნაშრომში: ,,ეს ავისმომასწავებელი შობა“ – წერს:
შობა დღეს აღარავის ახსენდება ღმერთი. უწყვეტი საყვირი და ფეიერვერკი, ფერად-ფერადი გირლანდები, უთვალავი უდანაშაულო ყელგამოღადრული ინდაური და უზომო ფულის სურვილი, რათა, რეალურ შესაძლებლობათა მიუხედავად, არ შერცხვე და ჩნდება კითხზვა: რჩება კი თუნდაც წამი იმისათვის, რომ გაიაზრო: ესოდენ მფლანგველობა იმისთვისაა, რათა აღინიშნოს იმ ჩვილის დაბადების დღე, რომელიც 2000 წლის წინათ ღარიბულ თავლაში იშვა, შორიახლო იმ ადგილიდან, სადაც დაახლოებით ათასი წლით ადრე დაიბადა მეფე დავითი. 954 მილიონ ქრისტიანს სწამს, რომ ეს ჩვილი ხორცშესხმული ღმერთი იყო, მაგრამ ბევრი შობას ისე აღნიშნავს, თითქოს ამის არც სჯეროდეს. გარდა ამისა, შობას დღესასწაულობს მილიონობით ის ადამიანი, რომელიც არასოდეს ყოფილა რელიგიური, მაგრამ უყვარს ქეიფი, და აგრეთვე ისინიც, მზად რომ არიან თავდაყირა დააყენონ სამყარო, რათა აღარავინ იწამოს. საინტერესოა, გულის სიღრმეში რამდენი ფიქრობს, რომ შობა დღევანდელი სახით აუტანელია; და ცრურწმენისა გამო ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ეს უკვე არა რელიგიური, არამედ სოციალური დღესასწაულია.
ყველაზე მძიმე კი ის კულტურული კატასტროფაა, რასაც ასერიგად გადაგვარებული შობა იწვევს ლათინურ ამერიკაში. ძველად, როდესაც გაგვაჩნდა მხოლოდ ესპანელთაგან ნამემკვიდრევი წეს-ჩვეულებები, ოჯახური ბაგა-საკვებური ხალხური წარმოსახვის საოცრებას წარმოადგენდა. ჩვილი ღმერთი უფრო დიდი იყო, ვიდრე ხარი, ბორცვებზე აღმართული კოპწია სახლები კი ღვთისმშობელზე დიდი. და არავინ აქცევდა ყურადღებას ანაქრონიზმებს: ბეთლემის პეიზაჟში დასაქოქ მატარებელს, რომლის ფუმფულა ხავერდის თათი უფრო დიდი იყო, ვიდრე იმ ლომისა, სასტუმრო ოთახის სარკეში რომ ირეკლებოდა; ანდა საგზაო აგენტს, რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთ უბანში ცხვრის ფარას მიერეკებოდა. ყოველივე ამას ემატებოდა ოქროსფერი ქაღალდისაგან გამოჭრილი ვარსკვლავი, შუაში მიმაგრებული მანათობლითა და ყვითელი აბრეშუმის სხივით, რომელსაც მოგვებისათვის უნდა მიეთითებინა გზა ხსნისა. ყოველივე სშინელი იყო, მაგრამ ჩვენეული; და, ყოველ შემთხვევაში, მებაჟე რუსოს მიერ ცუდად გადახატულ სურათებს სჯობდა.
მითოლოგიზაცია დაიწყო ადათით: სათამაშოები მოაქვთ არა მოგვებს – როგორც წესითა და რიგით ხდება ესპანეთში, არამედ ჩვილ ღმერთს. ბავშვობაში უფრო ადრე ვიძინებდით, რათა უფრო ადრე მიგვეღო საჩუქრები, და ბედნიერები ვიყავით, როდესაც უფროსების მიერ მოგონილ პოეტურ ტყუილებს ვისმენდით. თუმცა ხუთიოდე წლის ვიქნებოდი, როდესაც ვიღაცამ ჩვენს ოჯახში გადაწყვიტა, სიმართლის გამჟღავნების დრო დადგაო. ეს იყო იმედგაცრუება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა მჯეროდა, სწორედ ჩვილს მოაქვს ჩემთან სათამაშოები-მეთქი. იმიტომაც, რომ მინდოდა ისევ და ისევ დამეჯერებინა ყოველივე ეს. გარდა ამისა, სავსებით მოწიფულის ლოგიკით დავასკვენი, რომ დანარჩენი კათოლიკური მისტერიებიც მშობლების მიერ იყო გამოგონილი ბავშვების გასართობად, და აღმოვჩნდი სმოთხის კარიბჭესთან. იმ დღეს, როგორც ამას დაწყებითი სკოლის იეზუიტი მასწავლებლები ამბობდნენ, დავკარგე უმანკოება: აღმოვაჩინე ისიც, თურმე არც ბავშვები მოჰყავდათ წეროებს პარიზიდან, რისი დაჯერებაც ძალიან მინდოდა, რათა მეტად მეფიქრა სიყვარულზე და ნაკლებად _ აბებზე.
უკანასკნელი ოცდაათი წელია მსოფლიო მასშატბის კომერციული ოპერაციის შედეგად ყევლაფერი შეიცვალა, რაც, იმავდროულად, გამანადგურებელი კულტურული აგრესიაა. ჩვილი ღმერთი ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა გრინგოებისა და ინგლისელთა სანტა კლაუსის მიერ, რაც ფრანგებისათვის პაპა ნოელია, და რომელთაც სუყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ. მან ყველაფერი თან წამოიღო: ხარ-ირემში შებმული ციგა და სათამაშოებით დახუნძლული ნაძვის ხე, ფანტასტიკური თოვლის გრიგალიც კი გამოაყოლა. სინამდვილეში ეს ლოთისცხვირიანი უზურპატორი სხვა არავინაა, თუ არა კეთილი წმინდა ნიკოლასი, წმინდანი, რომელიც ძალიან მიყვარს თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი პოლკოვნიკი პაპის წმინდანია; მაგრამ საერთო არაფერი აქვს შობასთან, მით უმეტეს, ლათინური ამერიკის ტროპიკული შობის ღამესთან. ჩრდილოური ლეგენდის თანახმად, წმინდა ნიკოლასმა გააცოცხლა და განკურნა რამდენიმე სკოლის მოწაფე, რომლებიც დათვმა თოვლში დაგლიჯა; ამიტომაც გამოაცხადეს ბავშვების მფარველად. მაგრამ მისი ხსენების დღე აღინიშნება 6 და არა 25 დეკემბერს. ინსტიტუციური ხასიათი მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხის ლეგენდამ გერმანიის ჩრდილოეთ პროვინციებში XVIII საუკუნის ბოლოს მიიღო; ხოლო ას წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გადაინაცვლა. შემდეგ გავრცელდა შეერთებულ შტატებში, და მათ კი ეს ტრადიცია ლათინურ ამერიკაში გამოგვიგზავნეს მთელი თავისი კონტრაბანდული კულტურით: ხელოვნური თოვლით, ფერადი კელაპტრებით, ფარშირებული ინდაურითა და ორკვირიანი ზღვარსგადასული მომხმარებლობით, რომლისგანაც თავის დაღწევას ძალიან ცოტანი თუ ვბედავთ. და მაინც, ალბათ ყველაზე საბედისწერო ამ მომხმარებლური შობიდან ის უბადრუკი ესთეტიკაა, რომელიც მას თან მოჰყვა: უგემოვნო საფოსტო ბარათები, ფერადი ნათურების აცმა, მინის ზანზალაკები, ზღურბლზე დაკიდებული ფითრის გვირგვინი, ინგლისურიდან თარგმნილი საშობაო სიმღერები გონებაჩლუნგთათვის და სხვა უამრავი ბრწყინვალე სიბრიყვე, რომელთა გამოც არც კი ღირდა ელექტრობის გამოგონება.
და ყოველივე ეს ხდება წლის ყველაზე შემაშფოთებელი დღესასწაულის დროს: ჯოჯოხეთურ ღამეს, როდესაც ბავშვები ვერ იძინებენ მთვრალებით სავსე სახლში, ოთახიდან ოთახში რომ ბორიალობენ და ეძებენ ადგილს, სად დაიცალონ, ან სულაც დასდევენ სხვის ცოლებს, რომელთა ქმრებსაც სასტუმრო ოთახში დაძინების ბედნიერება ერგოთ წილად. ყველაფერი სიყალბეა. ეს არ არის სიმშვიდისა და სიყვარულის ღამე, არამედ, პირიქით _ ეს არის ზეიმი იმათთვის, ვისაც ერთმანეთი არ უყვარს. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ბოლოს და ბოლოს უნდა შეასრულო გადადებული ვალდებულებანი, რომელთა შესრულებაც არ გინდა: მოიპატიჟო საცოდავი უსინათლო, რომელიც არავის ახსოვს, ან ბიძაშვილი ისაბელი, თხუთმეტი წლის წინათ დაქვრივებული, ან დამბლადაცემული ბებია, რომლის გამოჩენასაც ვერავინ ბედავს. ეს დეკრეტით ნებადართული მხიარულებაა, სიყვარული სიბრალულისა გამო, წამი გაცემისა, იმიტომ, რომ შენც გწყალობენ და წამი ტირილისა საჯარო ახსნა-განმარტების გარეშე. ბედნიერება გამოწვეულია იმით, რომ სტუმრებმა დალიონ ყველაფერი, რაც წინა შობიდან მორჩა: პიტნის კრემი, შოკოლადის ლიქიორი, ბანანის ღვინო. არც ის არის გასაკვირი, რომ დღესასწაული ხშირად ჩხუბითა და სროლით მთავრდება, და აღარც ის, რომ ამდენი სისასტიკის შემხედვარე ბავშვები დაიჯერებენ _ ჩვილი იესო დაიბადა არა ბეთლემს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ნატალია ჯალაღონია