ევროზონის 17 ქვეყნის მინისტრმა საბერძნეთისათვის 6,8 მილიარდი ევროს კრედიტის გაცემას დაიუჭრა მხარი.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ამ კრედიტის პირველი ნაწილის, 2,5 მილიარდი ევროს მისაღებად ქვეყანამ კრედიტორების მიერ წარმოდგენილი რეფორმები უნდა განახორციელოს. დადებული შეთანხმების მიხედვით, ქვეყანამ 4000 საჯარო სექტორში დასაქმებული უნდა გაათავისუფლოს და საბიუჯეტო სფეროში 25 000 დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუმციროს. მორიგ დახმარებას საბერძნეთი ე.წ „სამეულისაგან“ იღებს-საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის კომისია.
ამ ინსტიტუტების მიერ გამოქვყნებულ სპეციალურ განცხადებაში საუბარია, რომ საბერძნეთში რეფორმების პროგრამა ძალიან ნელა მიმდინარეობს, ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივა კი გაურკვეველი რჩება. როგორც კრედიტორები მიუთითებენ, რეფორმები დადგენილ ვადებში ვერ ხორციელდება, განსაკუთრებით ეს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას ეხება. ივნისში, მაგალითად გაზის სახელმწიფო კომპანიის პრივივატიზირება ვერ განხორციელდა.
აღნიშნული რეფორმები ბერძნების დიდ უკმაყოფილებას იწვევს. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 25 000 ადამიანს ხელფასი შეუმცირდება, ზოგიერთი საერთოდ სამსახურს დაკარგავს. ეს ქვეყანაში უმუშევრობის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს, რომელიც ამ ეტაპზე 27%-ს შეადგენს. ამ რეფორმების გასაპროტესტებლად ორშაბათს ათენის ქუჩებში სკოლების მასწავლებლები გამოვიდნენ.
11.07.13