დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.
ნარმანიამ მას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ გიორგი ლილუაშვილს დიდი გამოცდილება გააჩნია იმისთვის, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს აღნიშნულ პოსტს.
“აღნიშნულ ვაკანტურ თანამდეობაზე წარმოდგენილია გიორგი ლილუაშვილი. ის საკმაოდ წარმატებული ადამიანია მდიდარი გამოცდილება აქვს, რომ უხელმძღვანელოს აღნიშნულ პოსტს. ის არის განათლებით ეკონომისტი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. 1999 წლიდან მოღვაწეობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ის ფინანსთა სამინსიტროს სისტემაში სხვადასხვა წამყვაან პოზიციებს იკავებდა. რაც შეეხება მის გამოცდილებას კერძო სექტორში, ის გახლავთ “ქართუ ჯგუფის” წევრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე – შპს “ბურჯში”, “ქართუ მშენებელსა” და “ბანკ ქართუში”. მას გააჩნია ყველა უნარ-ჩვევა, რომ წარმატებით გაუძღვეს იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია მერის მოადგილის პოსტი. მინდა გიორგის წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ განვაგრძოთ ის უმნიშვნელოვანესი საქმეების კეთება, რომელიც ჩვენი დედაქალაქის განვითარებას და წინსვლას უკავშირდება”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს გირგი ლილუაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება.
თბილისის მერის მოადგილის პოსტს გიორგი სოლომონია იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 12 იანვარს დატოვა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.