ექსპერტ ირაკლი ზარქუას შეფასებით, „გაზპრომთან” მოლაპარაკებებით საქართველოს, ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე, არ ემუქრება.
როგორც ზარქუამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, „გაზპრომის“ მოთხოვნა, რომ რუსეთ-სომხეთის გაზსადენზე, რუსეთმა საქართველოს საზღაური ნატურის ნაცვლად თანხებით გადაუხადოს, საქართველოსთვის დამაზარალებელია, რადგანაც 5%, რომელიც რუსეთმა საქართველოს ფულადი სახით უნდა გადაუხადოს, უფრო ნაკლებია, ვიდრე გაზი, რომელიც ქვეყანას მანამდე მიეწოდებოდა.
ექსპერტის განმარტებით, თუ საქართველო „გაზპრომისგან“ გაზის დამატებით მოცულობებს არ მიიღებს, მაშინ ქვეყანას თურქეთისგან ან რუსეთისგან მოუწევს ელექტროენერგიის შესყიდვა.
„პიკურ სეზონში შემდეგი ალტერნატივის წინაშე ვდგავართ: ისევ აზერბაიჯანს ვთხოვოთ, რომ ჩვენთვის დამატებით ბუნებრივი აირი გამოყოს, რაზეც გუშინ თანხმობა განაცხადეს, თუმცა ტექნიკური პრობლემაა. ის მილსადენები, რომლებიც საქართველოს აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს აწვდიან, მაქსიმალური ძალისხმევით მუშაობენ და უფრო მეტს ვერ გაატარებან. ამიტომ, ან რუსეთს უნდა ვთხოვოთ, რომ მოგვაწოდოს გაზი, ან უარი ვთქვათ ამაზეც და ელექტროენერგია შევისყიდოთ თურქეთისგან და რუსეთისგან, რაც 3-4 თეთრით მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდას გამოიწვევს. ეს ოპტიმალური გამოსავალი არაა“,- განაცხადა ზარქუამ.
ირაკლი ზარქუას თქმით, 2016 წლიდან საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის დაწყება სწორი პოლიტიკაა, რაც საქართველოს უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს მომავალში.
ექსპერტმა აქვე აღნიშნა, რომ ქვეყნის გაზმომარაგებასთან დაკავშირებული თემის ირგვლივ არსებული ქაოსი, გარკვეული ჯგუფების მიერ ხელოვნურადაა ინსპირირებული.
„ენერგოდამოუკიდებლობის არანაირ დაკარგვასთან არ გვაქვს საქმე, რადგან რუსეთთან მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება იდება. 2016 წელს იწყება გაზსაცავის მშენებლობა, 2018 წლის ბოლოს ექსპლუატაციასი შევა „შაჰ დენიზის“ მეორე ფაზა, რომელიც საქართველოსთვის დამატებით გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, რითაც რუსეთიდან გაზის იმპორტი ნულის ტოლი გახდება“,- აღნიშნა ზარქუამ.