უკვე ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოებაში გასაკუთრებულად პანიკური მდგომარეობაა. მოსახლეობის ნაწილი დაბალი ტემპერატურის დროსაც კი რეკავს სასწრაფო დახმარების სამსახურში და ვარაუდობს, რომ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსს თავადაც ვერ გადაურჩება. საზოგადოების მეორე ნაწილი კი – ამ ფაქტს კრიტიკის თვალით უყურებს და ფიქრობს, რომ პანიკის დათესვა გარკვეულ წრეებს სურთ და საგანგაშოც არაფერია.
მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ღორის გრიპი სეზონურზე გაცილებით საშიშია, ასევე, საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ღორის გრიპით დაავადდი, გადარჩენის შანსი მინიმალურია. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მასმედიის მიერ დათესილი პანიკის შედეგია.
იქამდე კი, სანამ საზოგადოება რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, უკვე ვრცელდება ინფორმაცია .ე.წ ღორის ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების შესახებ. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, გრიპს სამი ადამიანი ემსხვერპლა. სწორედ ამ შემთხვევებმა ააფორიაქა საზოგადოება განსაკუთრებით.
ჯანდაცვის მინისტრმა – დავით სერგეენკომ კი უწყების სხვადასხვა სამსახურისა და დეპარამენტის, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, რომ თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.
,,გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს. მივამაგრებთ დამატებით მანქანებს. იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს, მეც მზად ვარ, რითიც დავდივარ, ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებებზე და არ გაუშვან ასეთ გამოძახებაზე აკივლებული სასწრაფოები, როდესაც ამ დროს კაცი კვდება სადღაც. თბილისის სასწრაფოს მიმართ მაქვს რეკომენდაციები და ბრძანება, ასევე რაიონული სასწრაფოს მიმართ, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავიანთი მანქანებიდან. მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ, ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის და ეს მანქანები გამოიყენეთ ამ კატეგორიის გამოძახებებზე”, – განაცხადა სერგეენკომ.
თავად მინისტრის თქმით, გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს -,,არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ, თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს.“
მან ხაზგსამით აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზაციისთვის.
ცნობისთვის, ღორის გრიპი ბუნებაში რამდენიმე ათეული წელია ცირკულირებს. გრიპი უმთავრესად იმ ადამიანებს ურთულდებათ, რომლებსაც რომელიმე სხვა დაავადებაც ჰქონდათ. აღრიცხულ შემთხვევებში, ქრონიკული დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი: ქრონიკული ჰეპატიტები, დიაბეტი, ჭარბი წონა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და ა.შ.
შესაბამისად, ყველაზე მეტად თავს სწორედ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ, განსაკუთრებით კი, ისეთები, რომლებსაც სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ბუნებრივია, მცირე ასაკის ბავშვებმა, ხანდაზმულებმა და ორსულებმა, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიმართონ ექიმს.
ექიმები გვირჩევენ, რომ ამ უბრალო სეზონური გრიპის გამო, პანიკას არ ავყვეთ. უბრალოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესით უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი იმუნური სისტემით შევხვდეთ მას. ყველაზე მთავარი კი ამ დროს არის ის, რომ დავიცვათ ჰიგიენა და ექიმსაც დროულად მივმართოთ. ამ წესების სწორად გამოყენების შემთხვევაში, არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას.
არსებული ინფორმაციით, გრიპი უკვე 115-მდე ქვეყანაში გავრცელდა და რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილის მიზეზად იქცა. არსებობს ფრინველის გრიპიც, რომელიც ბევრად უფრო საშიშია. აღსანიშნავია, რომ ღორის გრიპის შემთხვევაში სიკვდილიანობა ჩვეულებრივ გრიპზე დაბალია და ამ დროისთვის დაავადებულთა 0,4%-ს შეადგენს.
სხვათა შორის, ბევრი უცხოელი ექსპერტის თქმით, გრიპის გავრცელება შემოსავლიანი ბიზნესის არსებობის გარანტია და ამით მრავალი ფარმაკოლოგიური კომპანია სარგებლობს, რომელიც ფალსიფიცირებული პრეპარატების გაყიდვით საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობს.
სრული მონაცემებით, ღორის გრიპის გართულებებისგან 630-მდე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა სპეციალისტთა შეფასებით, დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი უფრო მეტი უნდა იყოს. ექსპერტები იმაზეც მიუთითებენ, რომ სეზონური გრიპით არანაკლები ადამიანი იღუპება. მაგალითად, აშშ-ში ჩვეულებრივი სეზონური გრიპის გართულების შედეგად წელიწადში 36 000 კაციკვდება, ხოლო გერმანიაში – 20 ათასამდე.
მიუხედავად ამ დამაიმედებელი დასკვნებისა, საინტერესოა, განიცდის თუ არა ვირუსი მუტაციას და გახდება თუ არა ბევრად უფრო საშიში?! ამაზე რეალური და დასაბუთებული პასუხი არ არსებობს. სამაგიეროდ, ღორის გრიპით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დღითი დღე იზრდება და ფარმაცევტული კომპანიების მოგებაც ამის პროპორციულია. სწორედ ამ ვირუსის სამკურნალო წამლების დამზადებისა და შემდგომ, გაყიდვის შედეგად, ფარმაცევტულმა კომპანიებმა 2,7 მილიარდ დოლარამდე იშოვნეს.
მეცნიერების დიდ ნაწილს შეაქვს ეჭვი პრეპარატების ,,ტამიფლუსა“ და ,,რელენზას“ ეფექტურობაში.
მეცნიერთა დამოუკიდებელი ასოციაციის ინგლისელმა ეპიდემიოლოგმა – ტომ ჯეფერსონმა და მისმა ამერიკელმაკოლეგამ – უილიამ ენგდალმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დაადანაშაულეს, რომისინი ,,ტამიფლუსა” და ,,რელენზას” მწარმოებლებთან არიან შეკრულები და ფარმაცევტული კომპანიების ინტერესთა ფარგლებში მოქმედებენ.
რაც შეეხება გრიპის მოკლე ისტორიას – თავიდან ახალგამოვლენილ ვირუსს უწოდებდნენ „ღორის გრიპის ვირუსს”, რადგან ლაბარატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ, ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში გვხვდება. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ გავრცელებული ვირუსისაგან.
იქამდე კი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი საშუალება სეზონური გრიპის ვაქცინით აცრაა. ვაქცინაცია ეფექტურია გრიპის სეზონის დაწყებამდე, ამიტომაც იწყება ოქტომბერ-ნოემბერში გრიპის ვაქცინაციის პროპაგანდა.
თავის მხრივ კი, მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს გრიპისგან დაცვის არაპირდაპირი საშუალებები ანუ უფრო გაამკაცროს პროფილაქტიკის წესები. პირადი ჰიგიენა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ზედმიწევნით დაცვა- არა მარტო გრიპის, არამედ უამრავი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ – მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პროფილაქტიკისთვის ნიღაბი ჯობია ინფიცირებულმა გამოიყენოს და არა – ჯანმრთელმა ადამიანმა.
,,არ აყვეთ პანიკას და ეცადეთ, ყოველგვარი შიშის გარეშე დახვდეთ ამ სეზონურ ვირუსს“ – გვირჩევენ მედიკოსები.
ნატალია ჯალაღონია