საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის” ორგანიზებით, ხვალ კონკურსის ,,ლორე ტაშირის ქართული ძეგლების” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
როგორც “თბილისი თაიმსს” “დავითიანნიდან” აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ქართული საექსპედიციო დელეგაცია ივლისის ბოლოს სომხეთს ეწვევა და იქ არსებულ ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს მოინახულებს, კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე შესაბამის თემატურ დასკვნებს შეიმუშავებს.
“დავითიანნისა” და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით პროექტის “სტუდენტები ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების გადასარჩენად” ფარგლებში, 2012 წელს კონკურსი “ლორე–ტაშირის ქართული ძეგლები” ჩატარდა.
კონკურსი მიზნად ისახავდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების უკეთ შესწავლასა და მათ პოპულარიზაციას.
როგორც “დავითიანნში” აცხადებენ, პროექტი დღევანდელი რეალობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი და რეზონანსულია.
“აქ საუბარია ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებს სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ავთენტურობას. ძეგლებისა, რომელებიც რეალურად საქართველოს სიამაყეა და ამის თაობაზე ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც კი იცის. ჩვენი თუ სომხეთის მხრიდან ნებსით თუ უნებლიედ, იქ ნელ-ნელა ქართული კვალი იშლება. ამ საკითხებში როგორც საზოგადოება ისე შესაბამისი სამთავრობო სამსახურები აქტიურად უნდა იყვნენ გარკვეული და სასწრაფოდ არის შესაბამისი ზომები მისაღები”, – აცხადებენ “დავითიანნში”.
საერთო ჯამში, კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 76–მა სტუდენტმა მიიღო. პროექტის თანამონაწილე იყო ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელთა მიერაც დაკომპლექტდა კომპეტენტური ჟიური.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა 15 საუკეთესო ნაშრომი. გამოვლინდნენ ასევე პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ ფულადი ჯილდო შესაბამისად 700, 500 და 300 ლარის ოდენობით. კონკურსის გამარჯვებულთათვის ქართული უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებთან და ასევე დარგის სპეციალისტებთან ერთად, გათვალისწინებულია სამეცნიერო ექსპედიცია ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე.
ნაშრომები ასევე ითარგმნა ინგლისურ ენაზე, რომ შესაბამის ინსტიტუციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს, ხელმისაწვდომობა ჰქონდეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
ღონისძიებას დაესწრებიან: დარგის ექსპერტები, სპეციალისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ექსპედიციაში მონაწილე ადამიანები, ასევე კონკურსის გამარჯვებულები.
15.07.13
Discussion about this post