21-ე საუკუნე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქად ითვლება. ადამიანების უმრავლესობა მიეჯაჭვა ვირტუალურ გარემოს, საზოგადოება შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ დაიკარგა ადამიაური, რეალური ურთიერთობები. ეზოები დაცარიელდა, პატარა ბავშვები “წრეში ბურთის” მაგივრად „ქაუნთერს“ თამაშობენ. მსგავს რეალობაში აუცილებელია შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანები მოახერხებენ რეალურ, ჯანსაღ ურთიერთობას ეკრანს მიღმა. არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის „Tsibakha Game Club-ის “ შესახებ. ესაა ადგილი, სადაც სამაგიდო თამაშების მოყვარულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და მეგობრულ გარემოში გაატაროს ერთი განსხვავებული დღე. იმის გასარკვევად თუ რა არის საჭირო კლუბში მოსახვედრად, რა თამაშებს მოიცავს „Tsibakha Game Club“-ი , აღნისნულ საკითხზე „თბილისი თაიმსი“ კლუბის დამაარსებელს – გიგა წიბახაშვილს ესაუბრა.
პირველ რიგში, გვითხარით რა არის „Tsibakha Game Club“, როდის გაჩნდა კლუბის შექმნის იდეა და ვინ იყო ინიციატორი?
– „Tsibakha Game Club“ არის სამაგიდო თამაშების მოყვარულთა კლუბი. ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესის ადამიანები საერთო ჰობით იკრიბებიან და კვირა დღეს საინტერესოდ და სახალისოდ ატარებენ. იდეა დაახლოებით 4-5 წლის წინ გაჩნდა. ხშირად ვიკრიბებოდით ჩემს სახლში მთელი სამეგობრო, რომ გვეთამაშა. ჩემს მეგობრებს მოჰყავდათ თავისი მეგობრები, შემდეგ უკვე მეგობრების მეგობრები და ა.შ. როდესაც ასეთმა საღამოებმა სისტემატური სახე მიიღო ვიფიქრეთ უფრო მეტი ხალხისთვის გაგვეზიარებინა. დიდი ხანი ეს მხოლოდ იდეად რჩებოდა. 3 წლის წინ კი, მე და ჩემმა ძმამ მოვახერხეთ და ჩვენი დიდი ხნის სურვილი რეალობად ვაქციეთ.
როგორ შეიძლება მოხვდეს დაინტერესებული პირი, არის თუ არა საწევრო გადასახადი და რამდენია ის?
– „Tsibakha Game Club“-ში მოხვედრა ძალიან მარტივია: საკმარისია გაინტერესებდეთ სამაგიდო თამაშები და კვირა დღეს გვესტუმროთ კლუბში (ზანდუკელის ქ. 16, გოეთეს ინსტიტუტის კაფე). შესაძლებელია როგორც ერთი დღის (10 ლარი), ასევე თვიური საწევროს (25 ლარი) გადახდა. ასევე გვაქვს საბავშვო ტარიფიც – 7 ლარი. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ფბ-გვერძე იხილოთ. facebook.com/TsibakhaGameClub
რამდენად პოპულარულია კლუბი, ძირითადად რა ასაკის მსურველი გყავთ და თუ არის ასაკობრივი შეზღუდვა?
– კლუბი საკმაოდ პოპულარულია და მისი პოპულარობა კვირიდან კვირამდე მატულობს. ჩვენი წევრები ძირითადად 15-დან 35 წლის არიან. ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა თამაშები უფრო მეტად 15 წლის და უფროსებისთვის არის.
სამი წელია არსებობთ, რა სიახლეები განახორციელეთ ამ სამი წლის განმავლობაში?
– ამ დროის განმავლობაში საკმაოდ გავზარდეთ თამაშების რაოდენობა. დღეს მეტად მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს ვიდრე 3 წლის წინ. ასევე, ახლა უკვე ორგანიზაციებს ვთავაზობთ სხვადასხვა ღონისძიებაზე „Tsibakha Game Club“-ის მომსახურებას. აგრეთვე ვატარებთ ოფიციალურ ჩემპიონატს რუბიკის კუბის (ე.წ. speed cubing) სწრაფ აწყობაში.
თვლით თუ არა, რომ სამაგიდო თამაშების პოპულარიზაცია აუცილებელია და რატომ ?
– სამაგიდო თამაშები თავისუფალი დროის გასატარებლად ძალიან კარგი საშუალებაა. ეს თამაშები ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას, გუნდური პრონციპით ფიქრს და წარმოსახვის უნარს. თუმცა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ადამიანები ერთმანეთთან რეალურად ურთიერთობენ და არა ვირტუალურად, რაც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.
რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?
– ხალხის დიდმა ინტერესმა გვიჩვენა, რომ კვირაში ერთი დღე კლუბისთვის არ არის საკმარისი, ამიტომ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კლუბის გაფართოებას და უფრო მასშტაბური სახის მიცემას.
მარიამ ფანჩულიძე