შვეიცარული სააგენტო Weforum.org გვთავაზობს სტატიას მსოფლიოს 10 საუკეთესო და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის შესახებ. სტატია მომზადებულია „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2015-2016“ -წლების მიხედვით.
მსოფლიოში ქვეყნებს შორის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ექსპერტების თქმით, გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად შეცვლილია. ანგარიშში მიმოხილულია 140 ქვეყნის ეკონომიკა. საუკეთესო ქვეყნები 113 ინდიკატორის გათვალისწინებით 12 კატეგორიაში გამოავლინეს.
ეს კატეგორიებია: ინსტიტუციები; ინფრასტრუქტურა; მაკროეკონომიკური გარემო; ჯანმთელობის სისტემა და დაწყებითი განათლება; უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება; სასაქონლო ბაზრის ეფექტურობა; შრომითი ბაზარი და მისი ეფექტურობა; ფინანსური ბაზრის განვითარება; ტექნოლოგიური მზაობა; ბაზრის მოცულობა – ღირებულების მაჩვენებელი ბაზარში, ძირითადად წელიწადში, კონკრეტული საქონლის ერთობლივი გაყიდვებით; ბიზნესი; ინოვაციები.
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, მსოფლიოს 10 ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია: 1. შვეიცარია; 2. სინგაპური; 3. აშშ; 4. გერმანია; 5. ჰოლანდია; 6. იაპონია; 7. ჰონგ-კონგი; 8. ფინეთი; 9. შვედეთი; 10. დიდი ბრიტანეთი.
შვეიცარია სიის ხუთეულში უკვე მეშვიდე წელია სხვადასხვა ადგილს იკავებს. 2015-2016 წლების ანგარიშის მიხედვით, ეს ქვეყანა უკვე პირველ ადგილზეა. მისი ლიდერობა, პირველ რიგში, განპირობებულია ქვეყნის ინოვაციებითა და მაღალი მაჩვენებლებით საგანმანათლებლო სისტემასა და შრომითი ბაზრის გაუმჯობესებაში. შვეიცარიული ინფრასტრუქტურა საკმაოდ ძლიერია, საჯარო ინსიტუტები რეალურად მოქმედი და გამჭირვალეა. მაკროეკონომიკური გარემო, ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე სხვა დანარჩენ ქვეყნებში, ბიზნესი და ფულის მიმოქცევა ჯანსაღი პროცესშია და მაქსიმალური ყურადღება ექცევა საიმიგრაციო პოლიტიკას.
სინგაპური შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. სინგაპური სასაქონლო, შრომითი და ფინანსური ბაზრის ეფექტურობით მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა, მისი პოლიტიკა საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების კუთხით მნიშვნელოვანია. საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ინფრასტუქტურა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ინსიტუტების გამჭირვალეობა და ეფექტურობა. გასაუმჯობესებელი სფეროებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობის გაზრდა სამუშაო ძალაში.
აშშ მესამე ადგილზეა ინდექსის მიხედვით და მაღალი მაჩვენებლები აქვს ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის ბიზნეს ინოვაციები, საჯარო და კერძო სექტორის კოლაბორაცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყანამ შარშანდელი მაჩვენებლები გააუმჯობესა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობასა და ფინანსური ბაზრის კატეგორიებში, თუმცა გაუმჯობესების სტადიაში მონეტარული პოლიტიკა და შესაბამისად, მაკროეკონომიკური სტაბილურობაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ სერიოზული ყურადღება საგანმანათლებლო სისტემისკენ უნდა მიმართოს, რადგან ინდექსის ამ კატეგორიაში მან მე-18 ადგილი დაიკავა.
გერმანიამ წელს შარშანდელთან შედარებით ერთი ადგილით გააუმჯობესა პოზიცია. მე-4 ადგილი ქვეყნის მიერ მაკროეკონომიკური გარემოს განვითარებით აიხსნება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ეფექტურია ქვეყნის ფინანსური ბაზარი, მაგრამ შრომითი ბაზის მოქნილობა კვლავ საჭიროებს რეფორმირებას. გერმანია ასევე მოწინავე ადგილს იკავებს ტექნოლოგიების განვითარებითა და გარემოს კვლევების მხარდაჭერით.
ჰოლანდიამ მე-8 ადგილი წლევანდელ ანგარიშში მე-5ით გააუმჯობესა. მაღალი პოზიცია განპირობებულია ძლიერი საგანმანათლებო სისტემით, ბიზნესში არსებული ინოვაციებით, ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ინსტიტუტების გამჭირვალობით. თუმცა პრობლემებია სამუშაო და ფინანსური ბაზრის კატეგორიებში. ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ფინანსური ბაზარი ნაკლებად არის განვითარებული და მისი მდგომარეობა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ეს 2007 წელს, მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე, იყო.
იაპონია საუკეთესოა ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის ინფრასტრუქტურა, ძლიერი ბიზნეს გარემო, ტექნოლოგიური სიახლეების ათვისება და მაღალი ხარისხის საკვლევი ორგანიზაციები. მიუხედავად ქვეყანაში არსებული პერიოდული ინფლაციისა, მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. იაპონიის ერთ-ერთ სისუსტედ მიიჩნევენ სოციალური კაპიტალს და ქალების სამუშაო ძალაში ნაკლებ ჩართულობას.
ჰონგ-კონგი უკვე სამი წელია მეშვიდე ადგილს იკავებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ წელს ბევრი კატეგორიაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მისი სიძლიერე აღსანიშნავია კარგად განვითარებულ ფინანსურ სექტორში, სატრანსპორტი ინფრასტრუქტურაში და სასაქონლო და სამუშაო ბაზრის დინამიურობაში.
ფინეთიმა სამწუხაროდ, მე-4 ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. ამის მიზეზი გასული ორი წელი წელია. უმუშევართა რიცხვმა 9.5%-ამდე აიწია, ქვეყნის მშპ 2008 წელთან შედარებით 6%-ით დაეცა, გაიზარდა ვალი და მაკროეკონომიკური სიტუაცია კვლავ ჩიხშია. სამაგიეროდ, საჯარო ინსტიტუტები გამჭირვალეა და ეფექტური, არის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სისტემა.
შვედეთი მოწინავეა ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკით. მასში თანამედროვე სისტემის საუკეთესო შიდა და გარე კომუნიკაციები, მაღალკვალიფიციური მუშახელი და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოა გაერთიანებული. ქვეყანა საინტერესო რეფორმებით გამოირჩევა შრომით ბაზარში.
დიდი ბრიტანეთი მოწინავე ადგილს იკავებს ინსტიტუციების კატეგორიაში და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და გამჭირვალე ინსტიტუციას სთავაზობს. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის ეფექტურობა, ქვეყანაშია თავმოყრილი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სისუსტედ ითვლება მაკროეკონომიკური გარემო და დაუფარავი ვალები, რომელიც ქვეყანას 2007 წლიდან აქვს.
საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 66-ე ადგილს იკავებს.
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე
Discussion about this post