საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეგვიპტის სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ვეტერინარული მომსახურების გენერალური ორგანიზაციიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ.
როგორც “თბილისი თაიმსს” ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ეგვიპტის დელეგაციის ვიზიტის მიზანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოდან ცოცხალი საქონლის და ხორცპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული ვეტერინარული პროცედურების შეთანხმება და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაცნობაა.
დელეგაციის წევრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს მეფრინველეობის ფაბრიკები და საქართველოში მოქმედი სასაკლაოები, სადაც ცხოველთა დაკვლა ჰალალის წესით წარმოებს. სტუმრებს გააცნეს ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, არაბული ქვეყნების დაინტერესება საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა და საქართველოს როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯმა.
უცხოურ დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეგვიპტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კარანტინის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი საიდ გადელმავლა, ცხოველთა ჯანმრთელობის კვლევის ინსტისტუტის ვიცე დეკანი, პროფესორი მუმტაზ შაჰინი,ვეტერინარიის ექსპერტი, დოქტორი ჰიაეკდინ ჰუსეინ აბდელმაგედი და ეგვიპტის ბიზნესწრეების წარმომადგენლები.