დღეს სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ბორიჩიჩს და ვიცე-პრეზიდენტს რენატო არენას უმასპინძლეს. შეხვედრას დაესწრო საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა.
ევროპული ფრენბურთის ხელმძღვანელი პირები საქართველოში 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად ჩამოვიდნენ. ევროპირველობას საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მიიღებენ, თბილისში ერთი ჯგუფის მატჩები ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს საქართველოს ნაკრებიც. ევროპის ჩემპიონატის გარდა მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ფრენბურთის შემდგომი განვითარების საკითხები.
ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მხარდაჭერა და გამოთქვეს ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. მინისტრთან შეხვედრამდე სტუმრებმა დაათვალიერეს ქართული სპორტის მუზეუმი.