აღდგომის მარხვის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მართლმადიდებელ ეკლესიაში იწყება მორწმუნეთა მზადება დიდი მარხვისათვის. ამ პერიოდიდან, განსხვავებულ სახეს იძენს საეკლესიო ღვთისმსახურება, იწყება „მარხვანის“ კითხვა. ეს გახლავთ ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც თავმოყრილია დიდმარხვის პერიოდის საგალობლები. როგორი მარხვა მართებს მორწმუნეს? როგორი გულით უნდა იმარხულოს, რომ სათნოეყოს უფალს? როგორი განწყობით უნდა დაიწყოს მარხვა? სწორედ ამ კითხვებზე სცემს პასუხს ის ეპიზოდები, რომელიც წმინდა წერილიდან იკითხება და რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს სინანულის, თავმდაბლობის, მორჩილების, მოყვასის სიყვარულისა და სხვა სათნოებათა მნიშვნელობას ადამიანის სულის ცხონებისათვის.
მეზვერისა და ფარისვლის კვირიაკე
დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი მეზვერისა და ფარისვლის კვირით იწყება (22-28 თებერვალი). ეს შვიდეული მართლმადიდებელთათვის მსგეფსია, ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია ყოვლითურთ. სახარებიდან წაკითხული იგავი, მეზვრეისა და ფარისევლის შესახებ თავმდაბლობასა და მორჩილებას ქადაგებს.
უძღები შვილის კვირიაკე
მეზვერის და ფარისევლის კვირას მოსდევს უძღები შვილის კვირიაკე, რომელიც ხორციელის კვირადაც იწოდება( 29 თებერვლიდან 6 მარტამდე). ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვაა. ეს უკანასკნელი შვიდეულია დიდი მარხვის წინ, როდესაც ხორცის მიღება შეიძლება. მსახურებაზე სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის მამასთან დაბრუნებაზე საუბრობს. რაც გვასწავლის, თუ როგორ მოელის ეკლესია მისგან შორს მყოფის მამის წიაღში დაბრუნებას. ხორციელის შაბათი (5 მარტი)– მიცვალებულთა ხსენების დღეა და ტაძრებში საკურთხის კურთხევა ხდება.
ყველიერის კვირა
მომდევნო შვიდეულს ყველიერის კვირა ეწოდება(7-13 მარტი). სახარების საკითხავები შეგვახსენებენ ადამის სამოთხიდან გამოძევების მიზეზებს. ასევე, იმას რომ ადამიანმა მუდმივად უნდა იღვაწოს რათა დაიბრუნოს დაკარგული სამოთხე.
ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდა იწყება და პარასკევს დილის ჩათვლი გრძელდება ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა-„უფალო და მეუფეო“. ეს ლოცვა სრულდება შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. მისი კითხვა ყოველ პარასკევ საღამოს წყდება და კვირა საღამოდან გრძელდება.
მიტევების კვირა
13 მარტის, კვირა დილის სადღესასწაულო მსახურებაზე ხდება გახსენება ადამის სამოთხიდან განდევნისა, საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ტაძარში საზეიმო სამოსელს შავი სამოსით ცვლიან, რაც მიგვანიშნებს, რომ იწყება ორმოცდღიანი მარხვა. ლოცვის დასასრულს სასულიერო პირი ქადაგებისას პატიებას სთხოვს მრევლს. ყოველი ქრისტიანი ცდილობს მარხვის დაწყების წინ მიიღოს შენდობა ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდევებისთვის.
დიდი მარხვა წელს 14 მარტს იწყება და 1 მაისს სრულდება. ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნეები დიდი სიხარულით მოელიან იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის ხილვას.
სოფიკო ნინიკაშვილი