დროის გაჩერება არ შეიძლებაო ამბობენ, მაგრამ ცდებიან. ჩვენ შეგვიძლია ერთი წამით დავიჭიროთ დრო და ის სამუდამოდ აღვბეჭდოთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ შეგვიძლია მას გამოსახულბაც მივცეთ. დრო შეგვიძლია გამოვსახოთ ასოებით, სიტყვებით, კადრებით, ფერებით… გადავხედოთ ისტორიას და ამაში მარტივად დავრწმუნდებით. სწორედ ადამიანთა მონათხრობი, მათ მიერ დაწერილი, მათ მიერ ფირზე, ფოტოზე აღბეჭდილი რეალობა გვიყვება ისტორიას, ის იქ და იმ წამს ხდებოდა. ასე, რომ არსებობენ ყოვლისშემძლე ადამიანები. The Tbilisi Times ამჯერად ერთ-ერთ ასეთ ადამიანს, ვიდეოგრაფ რობი გევორქოვს ესაუბრა.
პირველ რიგში, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ…
– მე ვარ 26 წლის რობი გევორქოვი. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, დავამთავრე საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, ზოოინჟინერიის ფაკულტეტი. ასევე დავამთავრე მუსიკალური აკადემია ფორტეპიანოს განხრით. მყავს მეუღლე და 2 შვილი (სოფი და ალექსანდრე) 7 წლის განმავლობაშვი ვმუშაობდი Goodwill-ში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ დავაარსე ჩემი კომპანია Robbie RG commercial, რომელიც დაახლოებით 1 წელია არსებობს. ვარ ვიდეოგრაფი და ვიღებ სხვადასხვა სახის ვიდეორგოლებს (სარეკლამო, საქორწილო, კომერციულ ვიდეოებს).
რატომ და როდის დაინტერესდით ვიდეოგადაღებით,გახსოვთ თქვენი პირველი ვიდეო?
– ვიდეოგრაფიით დიდი ხანია რაც დავინტერესდი, თუმცა სრული სერიოზულებით მივუდექი დაახლოებით 1 წელია, მანამდე უბრალოდ მოყვარულის დონეზე ვიღებდი, ასე ვთქვათ, ჩემთვის. განსაკუთრებით ერთი ვიდეო მახსოვს, ეს იყო საქორწილო ვიდეოკლიპი, რომელიც ძალიან აქტუალური გახდასოციალურ ქსელებში, მანამდე კი მქონდა რამოდენიმე პირადი პროექტი ჩემი რეჟისურით (გადადე ტელეფონი, სიგარეტის გარეშე და ჩემი არჩევანია სპორტი).
რომელია თქვენი საყვარელი ვიდეომასალა და რატომ?
– ყველა ვიდეო არის ჩემთვის საყვარელი და ძვირფასი, იმიტომ რომ, მე მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა გამოვარჩევდი რამოდენიმეს, “დაახურდავე 1$-გახდი მილიონერი” ეს ვიდეო საკმაოდ პოპულარული იყო სოციალურ ქსელებში, ასევე ჩემი ფლეშმობი,რომელიც დაკავშირებული იყო ხელის თხოვნასთან და ამ ბოლო დროს დრონით გადაღებული ვიდეოები ძალიან მიზიდავს.
რა კონკურსებში მიგიღიათ მონაწილეობა, მოგვიყევით ცოტა რამ თქვენს მიღწევებზე…
– ასე კონკრეტულად არ მიმიღია მონაწილეობა. რაც შეეხება მიღწევებს, ამაზე, ვფიქრობ, ჯერ ადრეა საუბარი, თუმცა ამ 1 წლის განმავლობაში საკმოდ ბევრი და საინეტერესო პროექტი გაკეთდა და საკმაოდ წარმატებულად, ჩემი ბოლო ნამუშევარი კი იყო “ციდან დანახული თბილისი” რომელიც გადავიღე დრონით და დიდი მოწონება დაიმსახურა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, გადაღება 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაქსიმალურად შევეცადე მეჩუქებინა ქალაქისთვის ისეთი კადრები,რომლებიც ჯერ არავის გადაუღია.
როგორ ფიქრობთ, რა არის ვიდეოგადაღების მთავარი დანიშნულება?
– პირველ რიგში თავისებური ხედვა, ადამიანს შეგიძლია ასწავლო ტექნიკური მხარე, მაგრამ მან თვითონ უნდა დაინახოს და შექმნას თავისი იმიჯი და თავისი სტილი, ასევე მნიშვნელოვანია ნებისყოფა და თავდაუზოგავი შრომა. თავიდან არაფერი გამოდის, მაგრამ თუ მოინდომე, შეუძლებელი არაფერია.
როგორ არჩვეთ რა დროს და როგორ უნდა გადაიღოთ ვიდეო, რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?
– სრულ თავისუფლებას, უბრალოდ ვიღებ და ვგრძნობ რომ ეს ძალიან მსიამოვნებს,თითქმის ყოველ დღე მაქვს გადაღება და არ მბეზრდება, პირიქით უფრო და უფრო მეტის გადაღების სურვილი მიჩნდება.
რა გასწავლათ, რა უნარები გამოგიმუშავათ ვიდეოგრაფიამ?
– ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მოთმინების უნარი და შრომისმოყვარეობა.
რა განიჭებთ ყველაზე დიდ ბედნიერებას და რამ შეიძლება შეგიქმნათ ყველაზე დიდი დისკომფორტი?
– ყველაზე მეტად მიხარია, როცა ვხედავ სხვის სახეზე ღიმილს, მართლა ძალიან განვიცდი როდესაც ვხედავ ადამიანების შეწუხებულ სახეს, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს.
გადაღების პროცესში რა განიჭებთ სიამოვნებას?
– თვითონ გადაღება, სასიამოვნოა მომენტი, როდესაც რაღაც ღირებულს ქმნი.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
– შთაგონების წყარო? არ ვიცი, ალბათ ოჯახი, მეგობრები, კარგი განწყობა, ყველაფერი, რაც მაბედნიერებს. თითოეულ ხელოვანისათვის შთაგონების წყარო ინდივიდუალურია, შეიძლება დილით გაიღვიძო და მიხვდე რომ დღეს რაღაც ღირებულს შექმნი.
თუ გაქვთ რაიმე საოცნებო კადრი რომლის გადაღებაც გინდათ და ჯერ ვერ მოახერხეთ?
– ძალიან ბევრი ადგილის გადაღება მინდა, მინდა მოვიარო მთელი მსოფლიო და გადავიღო ყველაფერი, ჩემთვის მოგზაურობა და გადაღება არის ყველაზე გამორჩეული რამ, ეს ყველაფერი მაძლევს უამრავ ემოციას და დადებით აურას.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?
– ძალიან მალე მე ვიწყებ ახალ და ძალიან საინტერესო პროექტს სახელწოდებით “Discover Georgia” სადაც ვაპირებ შემოვიარო მთელი საქართველო და გადავიღო დრონით, აქამდე არავის გაუკეთებია მსგავსი რამ და გადავწყვიტე გავაკეთო პირველმა, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდება იმიტომ, რომ საკუთარი ძალებით და რესურსებით ვაპირებ ყველფერს, თუმცა მეხმარებიან ჩემი მეგობრები და რაც მთავარია ვარ მოტივირებული. მოკლედ პროექტი დაწერილია და სულ მალე დაიწყება გადაღებები.
დიახ ეს თბილისია ! ♥ Robbie RG commercial Posted by Robbie RG commercial on Thursday, February 4, 2016