“ძალიან კარგი შეხვედრა იყო. განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და, რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე პროექტები. ჩვენ დიდ პროექტებს ვახორციელებთ… ეს საკითხები ორგანიზაციის დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად რჩება” – ასე შეაფასა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში დასრულდა. მინისტრი ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე იღებდა მონაწილეობას. თინათინ ხიდაშელმა ფორუმი და ფორუმის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები ნაყოფიერ და შედეგზე ორიენტირებულ შეხვედრებად შეაფასა. მისი თქმით, საქართველო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო ფორუმებისა და მაღალი ტრიბუნების გამოყენებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უზრუნველყოფისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
„უმნიშვნელოვანესია, როდესაც საშუალება გვეძლევა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ ფორუმებში. დღეს ამ სხდომას ეუთოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოვისმინეთ უკიდურესად პოზიტიური განცხადებები ევროკავშირისგან, თავად ევროკავშირის სახელით, ასევე მისი წევრი ქვეყნების, ევროკავშირის არაწევრი სხვა ევროპული სახელმწიფოების, ჩვენი მეზობლების – სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.