საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. მოლდოვის საპატიო საკონსულოს ცნობით, საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად მოლდოვიდან დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროკავშირთან ინტეგრაციის სამინისტროს გენერალური მდივანი ანატოლ ვანგელი უხემძღვანელებს. ანატოლ ვანგელი თბილისში რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
გახსნის ცერემონიას სხვა პირებთან ერთად დაესწრებიან: სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი, კახი კახიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვები.
მიწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცერემონია 19:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება, რომელიც ორ ნაწილიანი იქნება. პირველ, ოფიციალურ ნაწილში მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა მოლდოვური ღვინის დეგუსტაციას და ფურშეტს, რომელიც გაფორმებული იქნება მოლდოვური ცეკვების პოპურითა და ცოცხალი მუსიკით.
დამსწრე საზოგადოება ასევე იხილავს საიმიჯო კლიპს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა.
საქართველოში მოდლოვის საპატიო საკონსულო 2014 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.