“რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრთან ძალიან საქმიანი, უკიდურესად კეთილგანწყობილი საუბარი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ “რესპუბლიკური პარტია” და პარტია “ქართული ოცნება” ვრჩებით სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში და მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე, იმისათვის რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის და “რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია არის ძალიან მყარი – ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე თემატურს და მოკლევადიანს. ამასთანავე, “რესპუბლიკელებსა” და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის ამის თაობაზე შეთანხმება კიდევ უფრო დაზუსტდება. სტრატეგიულ თანამშრომლობაში იგულისხმება ყველაზე უფრო მჭიდრო, შესაძლო თანამშრომლობა პარტიებს შორის, მათ შორის, მომავალ საარჩევნო კონტექსტში. ამ ყველაფერზე, ჩვენ უახლოეს ხანებში შევჯერდებით. სიახლე სჭირდება ყველაფერს, მათ შორის კოალიციასაც. ჩვენ როდესაც ერთად დავდექით ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში, გვქონდა კონკრეტული ამოცანები – იმ რეჟიმის დასრულება. ეს ჩვენ მოვახერხეთ და დავასრულეთ. სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს სამომავლოდაც კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივ საქმიანობას”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და “რესპუბლიკელების” შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაში თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი მონაწილეობდნენ.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა. კოალიციაში, “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას პრემიერ მინისტრი სპეციალური განცხადებით გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.
მისი თქმით, დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეებს სადავო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრემიერ მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.