თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციების სერია კვლავ გრძელდება. ამჯერად, კიდევ ერთი აქცია, ორშაბათს, 12:00 საათზე იგეგმება. სტუდენტური გაერთიანება ,,აუდიტორია #115″ სხვა სტუდენტებს გააქტიურებისა და თანამონაწილეობისკენ მოუწოდებს. გთავაზობთ, სრულ ტექსტს:
,,აქცია გაიმართება ხვალ, ორშაბათს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ.
პრობლემები სისტემურია. პრივილეგიები, უთანასწორობა, უსამართლობა, სტუდენტების უფლებების დარღვევა, მათი ინტერესების უგულებელყოფა და რესურსების პრივილეგირებულ ჯგუფთა მიერ ფლანგვა საფუძვლად დაედო მძლავრ სტუდენტურ საპროტესტო ტალღას. ჩვენ გამოთიშულნი ვართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან. არავინ ითვალისწინებს სტუდენტების აზრს, თუ ვის აირჩევენ წამყვან თანამდებობებზე, როცა ეს ადამიანები ჩვენს ბედ-იღბალს განკარგავენ.
მოვითხოვთ, უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე!
მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიების გაუქმებას!
მოვითხოვთ უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალურ ჩართულობას!
მოვითხოვთ კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, მოძალადეების მფარველი, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას!
მოვითხოვთ უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელთა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას!
ლოდინის დრო აღარაა! ცვლილებები უნდა იყოს სწრაფი! ჩვენ ვდგავართ ერთად და გვაერთიანებს საერთო პრობლემები. ეს არაა ერთი უნივერსიტეტის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საყოველთაო დემოკრატიული და ავტონომიური საგანმანათლებლო სივრცისთვის; ამ ბრძოლაში გამარჯვება ნიშნავს უკეთეს მომავალს ყოველი ჩვენგანისთვის.
ავტონომია უნივერსიტეტს!” – წერია განცხადებაში.
ნატალია ჯალაღონია