საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბაპტისტური რელიგიური მიმდინარეობა, უკვე წლებია, ორად არის გაყოფილი. როგორც საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წინამძღოლმა „თბილისი თაიმსს“ განუცხადა გაყოფის მიზეზი საეკლესიო რეფორმა გახდა, რომელიც მალხაზ სონღულაშვილის წინამძღოლობისას გატარდა და მისი მიზანი ბაპტისტური ეკლესიის ქართულ კულტურასთან დაახლოება იყო. ლიტურგიული ცვლილებები, როგორიცაა ანაფორის, სანთლის და საეპისკოპოსო ინსიგნიების შემოტანა ეკლესიაში მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის, თუმცა ისინი დღემდე კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებენ და იმედს იტოვებენ, რომ სამომავლოდ კვლავგაერთიანდებიან.
ვრცლად გაყოფის მიზეზებსა და საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიებისკავშირის საქამიანობის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ხუცესი გია კანდელაკი ესაუბრა.
გვიამბეთ საქართველოში არსებულ ბაპტისტური რელიგიური მიმდინარეობის შესახებ? როგორ დაიწყო გავრცელება და ვინ ედგა სათავეში მას?
– პირველი ბაპტისტური ეკლესია თბილისში გერმანული წარმოშობის ლიტველმა მისიონერმა მარტინ კალვაიტმა 1867 წლის 20 აგვისტოს დააარსა. მან მდინარე მტკვარში რამდენიმე ყოფილი მოლოკანი მონათლა, რომელთა შორის, შემდგომი აქტიური სამისიონერო საქმიანობით ნიკიტა ვორონინი და ვასილ პავლოვი გამოირჩეოდნენ. ამ უკანასკნელმა ბაპტიზმი მთელ რუსეთის იმპერიაში გაავრცელა. მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწეობას იწყებს პირველი ქართველი ბაპტისტი ქრისტიანი ილია კანდელაკი, რომელმაც 1918 წლის მარტში დაუდო სათავე ქართულენოვან მსახურებას. 1927 წელს იგი აქტიური სამისიონერო მსახურების გამო, ჩეკას დავალებით მოკლეს თელავის რაიონში.
ბაპტისტები თავიდანვე გამოირჩეოდნენ სახარების გავრცელების საქმეში და ქვეყნის მოსახლეობაში აქტიურად ეწეოდნენ ევანგელიზაციას, რამდენადაც მათ საბჭოთა ხელისუფლება აძლევდა ამის საშუალებას. ბაპტისტური ეკლესია ასევე მოწადინებული იყო ახლო მეგობრული ურთიერთობები ჰქონოდა საქართველოში არსებულ სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან. 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში 75 ბაპტისტური ეკლესია ფუნქციონირებდა, რომელიც 5000 მონათლულ წევრს ითვლიდა. ამ პერიოდში საქართველოში ბაპტისტური ეკლესიების კავშირს სათავეში ედგა ხუცესი გურამ ქუმელაშვილი, შემდგომ წლებში, კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს მალხაზ სონღულაშვილი.
საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს ერთი მეტად გამორჩეული ფაქტი, კერძოდ კი გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს ბაპტისტური და მართლმადიდებელი ეკლესიების ახლო ურთიერთობა. ბაპტისტური ეკლესიის იმჟამინდელი წინამძღოლი გიორგი ბოლღაშვილი, პატრიარქ ილია II-ის მიწვევით სამშაბათობით სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებდა, ხოლო კვირაობით ბაპტისტური ეკლესიის გუნდი გალობდა. ურთიერთობები ამ ორ ეკლესიას შორის 90-იანი წლების დასაწყისიდან გართულდა, როდესაც ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა საქართველოში.
ბატონო გია, ქართული საზოგადოება კარგად იცნობს იმ ბაპტისტურ რელიგიურ მიმდინარეობას, რომლის ეპისკოპოსიც მალხაზ სონღულაშვილია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი ბაპტისტური კავშირი უკვე წლებია მათგან დამოუკიდებლად არსებობს. რა გახდა გაყოფის მიზეზი?
– მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის წინამძღოლობისას ეკლესიაში რეფორმები გატარდა, რომლის მიზანი ეკლესიის ადგილობრივ კულტურასთან დაახლოება იყო. ინკულტურაციის პროცესი მტკივნეული გამოდგა რიგი ეკლესიებისთვის. ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა ლიტურგიული ცვლილებები, როგორიცაა ანაფორის, სანთლის და საეპისკოპოსო ინსიგნიების შემოტანა ეკლესიაში.
დაახლოებით 16 წლის წინ ბაპტისტური ეკლესია ორ ნაწილად გაიყო. ეს გაყოფა არ მომხდარა დრამატული დაპირისპირებით. ორივე ფრთის წინამძღოლები დღემდე ვინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს. ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ერთობაში ვაშენებდით ღვთის სასუფეველს.
მოგვიყევით საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის შესახებ? რა არის თქვენი სწავლება? რა საქმიანობას ეწევით გარდა საეკლესიო მსახურებისა?
– საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი შედგება 30-მდე ადგილობრივი ავტონომიური ეკლესიისგან. ძირითადი ეკლესიები თავმოყრილია კახეთის რეგიონში: ყვარელში, გურჯაანში, თელავში, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში. ასევე გვაქვს ეკლესიები ბოლნისსა და გორში. ბიბლიის, როგორც „აბსოლიტურ ჭეშმარიტების“ აღიარება ის ფუნდამენტალური საკითხია, რომლითაც გამოირჩევა კლასიკური ბაპტიზმი. ჩვენი სწავლებაც, დოგმატიკაც სწორედ წმინდა წელიდან გამომდინარეობს. საეკლესიო მსახურების გარდა ეკლესიები დაკავებულნი არიან სოციალური მსახურებით, რაც მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისაკენ განურჩევლად მათი ეროვნებისა, სოციალური თუ რელიგიური კუთვნილებისა. კერძოდ, ჩვენს კავშირში 2008 წლიდან მოქმედებს უფასო სასადილო, სოციალურად დაუცველ ადამიანთა დასახმარებლად. გვაქვს დიაკონისელთა სამსახური, რომელიც ზრუნავს მძიმე პაციენტების მოვლაზე სახლის პირობებში. ჩვენი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში, ზამთრის თვეების განმავლობაში გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით საკვებით და შეშით, ვაწყობთ ბავშვთა საზაფხულო ბანაკებს და ა.შ. ჩვენ არ ვახდენთ ადამიანებზე ზეწოლას, ადამიანებს ცვლის წმიდა წერილი და პირადი ურთიერთობა უფალ იესო ქრისტესთან. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნის სულიერი აღმავლობისთვის და იმის გაცნობიერებისთვის, რომ ხსნა რიტუალების დაცვაში კი არა, არამედ ღმერთთან ინდივიდუალურ ურთიერთობაშია.
სოფიკო ნინიკაშვილი